მერაბ ჯანიაშვილი - თუ გვინდა, სუვერენული პოლიტიკა გავატაროთ, პირველ რიგში, ეკონომიკიდან უნდა დავიწყოთ
ხომ უნდა გაგვიჩნდეს აზრი, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე? – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„რატომ არ უნდა იყოს საქართველოში პრიორიტეტული თუნდაც განვითარების ბანკების არსებობა, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და რატომ უნდა იყოს პრიორიტეტული ტურიზმი? ხომ ყველა ვხვდებით, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გააძლიერებს, საშუალო ფენას ვერ შექმნის და მოსახლეობის ემიგრაციას ვერ შეამცირებს? ჩვენ თუ არა გადავწყვიტეთ ეს და ჩვენ თუ არ გადავდგით ნაბიჯები, არაფერი გამოვა. ჩემთვის ქვეყნის სუვერენიტეტი და სიძლიერე, პირველ რიგში, სწორედ აქედან მოდის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იყოს ძლიერი და ეკონომიკურად ჩამოკიდებული არ იყოს იმავე დასავლურ სხვადასხვა ინსტიტუტზე. სულ რომ ანგელოზები იყვნენ დასავლეთში და სულ რომ ანგელოზები იყვნენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებთანაც ახლა საქართველოს აქვს ურთიერთობა, მაინც არ უნდა იყო ვიღაცაზე ჩამოკიდებული და მაინც არ უნდა იყო ორიენტირებული იმის მითითებებზე, რათა თუნდაც შენი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარო. სამწუხაროდ, ჩვენთან არ დასმულა ეს კითხვა, პოლიტიკური კლასი ამაზე საერთოდ არ საუბრობს“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, თუ გვინდა, სუვერენული პოლიტიკა გავატაროთ, პირველ რიგში, ეკონომიკიდან უნდა დავიწყოთ.
„აი, მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება, რაღაც ფინანსური სანქციები იყოს. იმედია, არ იქნება და თუ იქნება, კონკრეტული ჩინოვნიკების და ადამიანების მიმართ იქნება. ესეც ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ 30 წელი რომ ჩამოვეკიდეთ ფინანსურად დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებს, ვთქვათ, გადაწყვიტეს, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, ქვეყანას დავუწესოთ ფინანსური სანქციებიო, რამდენად ვართ ამისთვის მზად და რამდენად გვაქვს შემუშავებული გეგმა ამისთვის? ვის მიადგება ხალხი პასუხისმგებლობისთვის და ვის მოსთხოვს პასუხს? რამდენად აისახება ეს ჩვენს ყოველდღიურობაზე და კეთილდღეობაზე? მოგვწონს თუ არა, სამწუხაროდ, დღევანდელი ეკონომიკა ასეა მოწყობილი, რომ მოლოდინებს დიდი ზეგავლენა აქვს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. აი, იგივე ლარს რაც დაემართა ბოლო ორ კვირაში, ეროვნულ ბანკს რომ მოუწია ჩარევა სავალუტო ბაზარზე და 100 მილიონზე მეტი, ფაქტობრივად, იმაში გაიქნია, რომ ცუდი მოლოდინები შეიქმნა ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, არავითარი მაკროეკონომიკური ცვლილება არ ყოფილა ბოლო ორ კვირაში, ვინმეს არც სანქცია დაუწესებია, არც ტრანში შემცირებულა და არაფერი, მაგრამ რაღაც ცუდმა მოლოდინებმა გამოიწვია ეს, რომ ეროვნულ ბანკს 110 მილიონის გადახდა მოუწია კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ისედაც ცუდ მოლოდინებს ხელი არ შევუწყოთ და თვითგვემას არ მივყვეთ; არ ვიძახოთ, არიქა, სანქციები მოდის და ამის გამო დავიღუპებითო. შეიძლება, სანამ სანქციები მოვა, მანამდე დავიღუპოთ თავი და გავიღარიბოთ, რადგან ეს რიტორიკა კიდევ უფრო აუარესებს მოლოდინებს იმავე ლარის კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ატარებს პოლიტიკას, სადაც არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დასავლეთთან და თურქეთთან და ამის ალტერნატივად ქვეყნის ეკონომიკას კი არ ვაძლიერებთ, არამედ ჩინეთთან ვაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
„ჩინეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკაზე ჩამოკიდებული რომ გავხდეთ, ეს რამე კარგს მოგვიტანს? არც ეს არის საშველი, ხომ? ხომ არ გვინდა, რომ ვიღაცის დაკრულზე ვიცეკვოთ და თუ არავის დაკრულზე ცეკვა არ გვინდა, მოდით, ჯერ ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებას მივხედოთ. რატომ არის მოსახლეობაში პოპულარული ევროკავშირში გაწევრიანება? იმიტომ, რომ ადამიანს უნდა ნორმალური ჯანდაცვა, განათლება და სოციალური პაკეტები. თუ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზებთ განათლების, ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალურ პაკეტებს და ადამიანს ღირსეული სამუშაო ადგილი ექნება, ის ბევრად უფრო ადეკვატურად და ბევრად უფრო რაციონალურად შეხედავს არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ გეოპოლიტიკურ პროცესებსაც და აღარ იქნება ჩამოკიდებული დასავლეთზე თუ ჩინეთზე“, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.