მერაბ ჯანიაშვილი - ჩვენი საბანკო სექტორი 24%-იანი მოგებით მსოფლიო ტოპ-ათეულშია
რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი სტარტაპის დაკრედიტებისას რისკები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილი, სტაბილური ბიზნესის დაკრედიტებისას, მაგრამ ჩემი აზრით, ბანკების მხრიდან ეს რისკები აბსოლუტურად გაბერილია და ქვეყანაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით მსოფლიო ტოპ-ათეულში და ოცეულშია. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში რისკები იმდენად მაღალია, რისკიანობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ბოლო ოცეულში შედის, დამერწმუნეთ, მარტივად ჩამოვუთვლი ორმოცდაათ ქვეყანას, სადაც ეკონომიკაში ბევრად რთული მდგომარეობაა“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, ერთი მხრივ გვაქვს ძალიან მომგებიანი საბანკო სექტორი და მეორე მხრივ ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა.
„პარადოქსია, როცა ყველაზე წარმატებულად ის სექტორი ითვლება, რომელმაც ეკონომიკა უნდა დააფინანსოს და რეალურად, ბიზნესზე საბანკო სფეროს შემოსავლების მხოლოდ 20% მოდის, დანარჩენი კი სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებია“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
როგორც პირველი არხის ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, როცა ბანკი რაღაც ტექნიკის შესაძენად განვადებას გასცემს, რომელიც რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაშია ნაწარმოები, რეალურად, ის სხვა ქვეყნის ეკონომიკას აკრედიტებს.
„საბანკო სექტორისგან სარგებელი ჩვენ რომ მივიღოთ, მათ საქართველოს ეკონომიკა უნდა დააკრედიტონ, მაგრამ საბანკო სექტორში იმდენად მანკიერი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბიზნესის დაკრედიტებას საკუთარი ბიზნესის გახსნა ურჩევნიათ, რადგან ამის საშუალებაც აქვთ“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
ჯანიაშვილის თქმით, საბანკო სექტორის წარმატებულობა მომსახურების ხარისხით უნდა შევაფასოთ, ანუ იმით, კლიენტები მათი მომსახურებით რამდენად არიან კმაყოფილი.
„კლიენტები საბანკო სექტორით უკმაყოფილო არიან, თუმცა საბანკო სექტორი მაღალ მოგებაზე გადის, რადგან მოკლევადიან სესხებს გასცემს, რომელიც მაღალპროცენტიანი და მისთვის უფრო შემოსავლიანია. სასტუმროებისა და რესტორნების ვარსკვლავებით შეფასება როგორ ხდება, რამდენად მომგებიანია, თუ კლიენტებს რამდენად კარგად ემსახურება?! საბანკო სექტორსაც ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მერაბ ჯანიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლებია, სახელმწიფო საბანკო სექტორს განსაკუთრებულად უწყობს ხელს იმ კუთხით, რომ იაფი, გრძელვადიანი ფულის რესურსი მიაწოდოს.
„ამისთვის დაკრედიტება ეროვნულმა ბანკმაც გაზარდა, საბანკო სექტორში დეპოზიტები ფინანსთა სამინისტრომაც გადაიტანა, მაგრამ ისინი ამ თანხას იღებენ და ან სასესხო ობლიგაციებს ყიდულობენ, თანხას ბიუჯეტს ასესხებენ, ან მოსახლეობას აკრედიტებენ, რაც ჩვენს ეკონომიკას სარგებელს არ აძლევს“, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.