მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ადვოკატი დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატ პაატა მეხრიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არ არსებობდა არც მიმალვის და არც მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდა.
მეხრიშვილის თქმით, აბ ბესელიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
„მოსამართლემ ვერ შეაფასა ცივი გონებით და ვერ გასცდა საზოგადოებაში გამეფებულ აზრს. მან გამოიყენა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება სრულიად დაუსაბუთებლად. არც მიმალვის საფრთხე არსებობდა, ვინაიდან თვითონ, ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის დაწესებულებაში, მისცა სრულყოფილი, ამომწურავი ჩვენება და დაეხმარა გამოძიებას საქმეზე სიმართლის დადგენაში. არც ვინმეზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა ბუნებრივია, არც რაღაც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
ჩვენ ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ალტერნატივის სახით, შევთავაზეთ გირაოს გამოყენებაც რომელიც, ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ. გირაოსთან ერთად შევთავაზეთ დამატებითი ღონისძიებები როგორიც არის პასპორტის ჩამორთმევა, როგორიც არის პოლიციის დაწესებულებაში გამოცხადება და სხვა ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც სასამართლო საჭიროდ და აუცილებად მიიჩნევდა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება იქ შეიცვლება“, – განაცხადა ადვოკატმა.
თავის მხრივ, როგორ საქმის პროკურორმა, თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, აგრეთვე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე, რის გამოც ბრალდების მხარე სწორედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა.
„რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის შესაძლო იარაღს, მოცემულ შემთხვევაში ამაზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, რომ ამ კუთხითაც არსებობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, ვინაიდან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ცეცხლსასროლი იარაღი, როგორც ნივთმტკიცება, ამ ეტაპზე ამოღებული არაა. ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდით, რომ სახეზე იყო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც აისახა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
იმისთვის, რომ პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდი, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზეა და ეს დადგენილად მიიჩნია სასამართლომაც“, – განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება გუშინ წარუდგინა.
საქალაქო სასამართლომ ბესელიას დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.