მექსიკის უძველეს ცივილიზაციათა ნაქალაქარში ამ დრომდე უცნობი მრავალი სტრუქტურა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
თანამედროვე გზებსა და ინფრასტრუქტურას იმაზე მეტი აქვს საერთო უძველეს ურბანულ ცენტრებთან, ვიდრე ხშირად ვაცნობიერებთ. სწორედ ასეა ნაქალაქარ ტეოტიუაკანის შემთხვევაში, რომელიც მექსიკაში, მეხიკოდან 40 კილომეტრში მდებარეობდა.
სკანირების ლაზერული ტექნოლოგია LIDAR-ის გამოყენებით, მკვლევრებმა ტეოტიუაკანის კონტურები გამოავლინეს. უძველესი ქალაქის დიდი ნაწილი ახლა დანგრეული და ჩაკარგულია. სკანირების შედეგად გამოჩნდა დაახლოებით 1500 წლის წინ აღმართული სტრუქტურები და გზები.
კვლევის ფარგლებში ასევე გამოაშკარავდა ტეოტიუაკანის ხალხის გასაოცარი საინჟინრო პროექტები: კალაპოტშეცვლილი მდინარეები, რათა ისინი ასტრონომიული მნიშვნელობის წერტილებს დამთხვეოდნენ, უზარმაზარი ოდენობის ნიადაგისა და ძირეული ქანების გადაადგილება ქალაქისთვის ფორმის მისაცემად.
„წარსულში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ წარსულის ქმედებათა მემკვიდრეობით. ტეოტიუაკანის მსგავს მონუმენტურ ქალაქებში, ამ ქმედებათა შედეგები ჯერ კიდევ ცოცხალია ლანდშაფტზე“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიური არქეოლოგი ნავა სუგიამა.
ძვ. წ. 100 – ახ. წ. 550 წლებში, ტეოტიუაკანი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, მოიცავდა დაახლოებით 21 კვადრატულ კილომეტრს. შედგებოდა მრავალი პირამიდის, მოედნის, კომერციული თუ სარეზიდენციო ნაგებობისგან.
ტეოტიუაკანის ზოგიერთი გასაოცარი სტრუქტურა დღემდე შემორჩენილია, მაგრამ ბევრი მათგანი დაკარგულია; სწორედ ამისათვის გამოიყენეს LIDAR-ის აერო კარტირების ტექნოლოგია. ლაზერის არეკლილი სინათლის საშუალებით, LIDAR-ი მიწისქვეშა სტრუქტურებსა და მასალებს ზომავს.
ტეოტიუაკანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია; უძველესი და თანამედროვე ტეოტიუაკანისა და მისი ხეობის შედარებისათვის, მეცნიერებმა გამოიყენეს LIDAR-ი, ადგილზე დათვალიერება და აქამდე შეგროვებული კარტოგრაფიული მონაცემები.
აღმოჩნდა, რომ რეგიონის ურბანული ცენტრების 65 პროცენტის ნაგებობები და სხვა მახასიათებლები მართკუთხედად არის განლაგებული ასტრონომიული ჩრდილოეთიდან 15 გრადუსით აღმოსავლეთით, 3 გრადუსიან მონაკვეთში; ასეთივე განლაგებით არის აგებული ტეოტიუაკანიც.
უძველეს ტეოტიუაკანში მრავლად იყო კალაპოტშეცვლილი მდინარე და არხიც. მკვლევრებმა დაახლოებით 16,9 კმ სიგრძის არხები აღმოაჩინეს, რომლებიც ტეოტიუაკანის ადრეულ კლასიკურ პერიოდს ეკუთვნის.
კვლევის მიხედვით, დაახლოებით 300 წლის განმავლობაში, რეგიონში თითქმის 372 056 კვადრატულ მეტრზე დაყარეს ხელოვნური ნიადაგი. ჯამში, სკანირების შედეგად გამოვლინდა აქამდე უცნობი 298 სხვადასხვა ნაშთი და 5795 ხელოვნური ტერასა; შენიშნეს 200-მდე ისეთი ნაშთიც, რომლებიც მოპოვებითი საქმიანობის შედეგად არის დანგრეული.
ტეოტიუაკანის ისტორიისა კვლევას განაგრძობენ და ფარდას ხდნიან მრავალ საიდუმლოს; არც ისე დიდი ხნის წინ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ უძველესი ძეგლის დამალული გვირაბები და სარიტუალო ძღვენი.
კონკრეტულად ამ ახალი კვლევის შედეგად კი უკვე ვიცით, რომ დაახლოებით ათასი წლის წინანდელი ინოვაციები და არჩევანი დღემდე გავლენას ახდენს ცივილიზაციაზე. შემდეგ ეტაპზე, მკვლევრებს LIDAR-ის ტექნოლოგიით უფრო ფართო ზონის მოცვა სურთ და თანაც, სამ განზომილებაში.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ucr.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.