მექსიკაში უძველესი პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი და ოთახი აღმოაჩინეს
18:08, 30.10.2018
თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ტეოტიუაკანის მოსახლეობა ზეობის პიკში 125 000 ადამიანს ითვლიდა და წარმოადგენდა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საქმიან კვანძს.
დაზუსტებით არავინ იცის, სად გაქრა ამ აყვავებული ქალაქის მოსახლეობა. თუმცა, ქალაქის მთვარის პირამიდის ქვეშ აღმოჩენილმა საიდუმლო გვირაბმა და ოთახმა შესაძლოა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ ხედავდა თავიანთ საბოლოო დანიშნულების ადგილს ეს უძველესი მესოამერიკული კულტურა.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) არქეოლოგ ვრონიკა ორტეგას განცხადებით, ეს მსხვილი სარიტუალო კომპლექსები ქალაქ ტეოტიუაკანის წმინდა გული იყო.
მისი თქმით, ხალხი მას მთელი ცივილიზაციის მექად მიიჩნევდა, შესაბამისად, რაც არ უნდა აღმოჩნდეს შიგნით, შესაძლოა, გამოააშკარაოს ის ურთიერთობები, რაც ამ უძველეს ქალაქს მესოამერიკის სხვა რეგიონებთან ჰქონდა.
აღმოჩენის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება 2017 წელს გაკეთდა. საქმე ეხებოდა ახ. წ. მესამე საუკუნით დათარიღებული მთვარის პირამიდის ქვეშ გაკეთებულ ახალ აღმოჩენებს.
ელექტროტომოგრაფიის სახელით ცნობილი ვიზუალიზაციის ტექნიკის გამოყენებით, რომელის სტრუქტურების ზედაპირქვეშა ზონის გაზომვის საშუალებას იძლევა, მკვლევართა ჯგუფმა დააფიქსირა დამალული, 15 მ სიგანის ოთახი, რომელიც ზედაპირიდან 8 მ სიღრმეზე მდებარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ოთახს, მაგრამ მკვლევართა ვარაუდით, ის ერთგვარი სამგლოვიარო სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც წმინდა რიტუალები ტარდებოდა.
გარდა ამ ოთახისა, ჯგუფმა ასევე იპოვა გვირაბი, რომელიც ამ ოთახს უძველესი ქალაქის მთვარის მოედანთან აკავშირებდა. შესაძლოა, ის „მიწისქვეშა სამყაროში“ მიმავალი ერთგვარი დერეფანი იყო, რომელშიც ტეოტიუაკანის მცხოვრებნი რიტუალებს ატარებდნენ სიკვდილისა და მისი შემდგომი სიცოცხლისადმი მათი ხედვების შესაბამისად.
ორტეგას განცხადებით, პირამიდის წინა არქეოლოგიური კვლევებისას ასევე აღმოაჩინეს გვირაბები, რომლებშიც უხვად იყო ჩონჩხები და სხვადასხვა სარიტუალო ნივთები, მათ შორის მწვანე ქვისგან დამზადებული ყელსაბამები და მოზაიკები.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ამ ოთახსა და დერეფანშიც მსგავსი ნივთები აღმოჩნდეს.
თუკი შემდგომი არქეოლოგიური გათხრები დაადასტურებს, რომ გვირაბი და დერეფანი სამგლოვიარო რიტუალებთანაა დაკავშირებული, გაჩნდება იმის ვარაუდის საფუძველი, რომ პირამიდის ამ მასიურ სტრუქტურებს სხვა ფუნქციითაც იყენებდნენ. ამ საკითხს მეცნიერები უკვე ასობით წელია იკვლევენ, მაგრამ ამაოდ.