მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა
მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ოვიდიო გუზმან-ლოპესი სინალოას შტატში დააკავეს. როგორც გამოცემა წერს, მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრის შვილს ექვსი თვე უთვალთვალებდნენ.
„ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს ქალაქ კულიაკანში სროლის ხმა ისმოდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩახერგილი გზები და დამწვარი ავტობუსები ჩანს. „აერომექსიკოს“ თვითმფრინავს კი აფრენის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქ კულიაკანში სკოლები დახურეს. დროებით დაკეტილი იყო აეროპორტიც. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება სთხოვეს.
ამჟამად, დაკავებული ნარკომოვაჭრე მექსიკის დედაქალაქშია გადაყვანილი.
ოვიდიო გუზმან-ლოპესი ნარკოკარტელ „სინალოას“ ერთ-ერთ ფრთას მეთაურობდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ის და მისი ძმა ხოაკინი სინალოას შტატში მდებარე მეტამფეტამინის 11 ლაბორატორიას ზედამხედველობენ, სადაც დღეში 2 200 კგ ნარკოტიკი მზადდება.
დეკემბერში აშშ-მა ოვიდიო გუზმან-ლოპესის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით ხუთი მილიონი დოლარი დააწესა. მამამისი – ხოაკინ გუზმანი, მეტსახელად „ელ ჩაპო“ ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს.