მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება
მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით.
სქემის ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსი N378 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, შანიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ბარნოვის ქუჩიდან გადაინაცვლებს ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩებზე, შემდეგ დაუკავშირდება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეზღუდვა 23 ნოემბრამდე იმოქმედებს.