მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და ხვალიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დღეს ღამით დასრულდება და ხვალიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.
„რამდენიმე დღეა, მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვლილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს.
უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ზურა აბაშიძე იმყოფებოდნენ.