კახა კალაძის ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება
მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.
„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უპირველესად, საზოგადოებას, ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა, მადლობა გადავუხადო. ისინი ამ ხნის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ მსგავსი პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზოლები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოკლე დროში მოწესრიგება დაავალა.
„ყოველთვის ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს. ვიცით, რა არის გასაკეთებელი და ვდგამთ ნაბიჯებს თანმიმდევრულად. აქვე, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ პრობლემური კვანძები რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კერძო ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.
„2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა დაახლოებით 31 პროცენტს, დღეს კი ეს ციფრი 48 პროცენტს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა გვაქვს დაახლოებით ცხრა პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ ხუთ-შვიდ წელიწადში მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს – 70 პროცენტს, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კვირაში ხუთი ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის რვა პროცენტი, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92 პროცენტს უტოლდება. თბილისში 2012 წელს სამუშაო დღეებში 250 000-მდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს კი 380 000 ავტომობილი მოძრაობდა იმავე დღეებში. ვაწარმოებთ სტატისტიკას და ბოლო დღეების განმავლობაში, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული და სწრაფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.