მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა
მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური დღეს სამშობლოში დაბრუნდა. მათთვის სპეციალური ავიარეისი, თბილისი-ლაგოსი-თბილისი შესრულდა.
მეზღვაურებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.
როგორც საზღვაო სააგენტოში აღნიშნავენ, მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.
მეზღვაურებთან ერთად გადაღებულ ფოტოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.