მეგობრის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია
დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და პალატაში გადაყვანამდე მისი დაკითხვა გამორიცხულია, – ამის შესახებ სამსონ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, სადაც მეგობრის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
„ის ისევ მძიმედაა, აპარატიდან მოხსნილია, ყველა ვარიანტში გადარჩენილია, მაგრამ სანამ კარგად არ გამოაღვიძებენ და პალატაში არ გადაიყვანენ, დაკითხვა ვერ მოხდება“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.
მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაზე ვერსიები არ აქვს.
„ჩვენთვის მთავარია დოდოს ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვაინტერესებს ეს და მერე ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.
არსებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოში დღეს უნდა დაკითხონ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.