მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებას ორი შუამდგომლობით მიმართავს
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მედიასთან საქმეში არსებულ საქმის მასალებზე ისაუბრა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ბევრი უზუსტობაა. ის საგამოძიებო უწყებას ორი შუამდგომლობით მიმართავს. პირველი-დაიწყოს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე და მეორე-ჩატარდეს 18 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტი, ანუ სრულად აღდგეს სურათი იმ დღის, როდესაც მეგი ბაქრაძე აიცრა.
მისი თქმით, გარკვეული უზუსტობებია საქმის მასალებში, რეალურად, მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია მოხდა 12:00 საათსა და 13 წუთზე, მოწმეები კი, რომლებიც მასთან ერთად აიცრნენ ჰყვებიან, რომ მათი ვაქცინაცია დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ადვოკატს აქვს კითხვა, რატომ არ მოხდა სისხლის ნაწილაკებზე სეროლოგიური კვლევა, ჰქონდა თუ არა მას ორგანიზმში ანტისხეულები. ვახო ბარამაშვილის ინფორმაციით, სისხლის ნიმუშზე ე.წ. სწრაფი ტესტით მოხდა კვლევა, რაც ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.
„აღსანიშნავია გამოძიების მიერ გაწეული შრომა, თუმცა ეს ახლოსაც არ არის მთლიან სურათთან და ბევრად მეტი შრომაა საჭირო. გადმოგვეცა მასალები იმ მომენტისთვის სრულად. პირველ რიგში აღსანიშნავია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა ანტისხეულებზე, ჩნდება კითხვა, რასაც უნდა უპასუხონ, ექსპერტიზის მიზნებისთვის შესაფერისი მეთოდი არის თუ არა სწრაფ ტესტზე ჩატარებული. პერსონალი გამოიკითხა და ჩნდება ბევრი კითხვა თავად 18 რიცხვზე. აქ არის წინააღმდეგობები. მოწმეები აძლევენ ყალბ ჩვენებას, თავიდან უნდა დაიკითხონ და ცრუ ჩვენებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. იდენტიფიცირებულია რამდენიმე ფაქტი. ფლაკონის გახსნის დრო 11:00 საათი და 40 წუთია და ვაქცინაცია 12:00 საათიდან და 13 წუთიდან 15 წუთამდე. ამ 35 წუთიან შუალედში ათი ადამიანი აიცრა. ეს ადამიანები კი ამბობენ, რომ დილის ათი საათიდან იცრებოდნენ. ეს წინააღმდეგობაში მოდის. ფლაკონი ამოღებულია არარელევანტური საქმის ფარგლებში, მანუჩარის მიმართ გამოძიების ფარგლებში. ეს აჩენს კითხვებს, რამდენად პროტოკოლის შესაბამისად მოხდა ყველაფერი.თავად კლინიკის მედპერსონალის და სხვა პირების ჩვენებები რამდენჯერმე შეცვლილია, მცდელობაა მათი ჩვენებების ჰარმონიზების, მაგრამ წინააღმდეგობებს ვაწყდები. გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე არ გავაკეთებ კომენტარს. საჭიროა მათი თავიდან გამოკითხვა. გამოძიებამ აუცილებლად უნდა გამოკითხოს თავიდან ყველა მოწმე ცრუ ჩვენებების იდენტიფიცირების მიზნით. ვთხოვთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას, რომ 18 რიცხვის მოვლენების აღდგენა მოხდეს ყველა მონაწილე პირთან ერთად“, – განაცხადა ადვოკატმა.