მეფე არტურის მონუმენტი ხუთჯერ უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება
მეფე არტურის მონუმენტი ხუთჯერ უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — #1tvმეცნიერება

ბრიტანეთში არსებულ უძველეს ძეგლზე, რომელსაც მეფე არტურს უკავშირებენ, მიწის ანალიზები ჩაატარეს. ირკვევა, რომ ნაგებობა სულაც არაა შუა საუკუნეების პერიოდის და სინამდვილეში, ათასობით წლის წინანდელია.

ახალი შეფასებით, მეფე არტურის დარბაზი, რომელიც ინგლისის საგრაფო კორნუელში მდებარეობს, სინამდვილეში 5500 წლისაა. შედეგად, მიწისა და ქვის ეს მართკუთხა ნანგრევები ხუთჯერ უფრო ძველია, ვიდრე გვეგონა; აქამდე მიიჩნეოდა, რომ ის ახ. წ. 1000 წელსაა აგებული.

ახალი თარიღი ნეოლითის პერიოდს ეკუთვნის და შესაძლოა, საჭირო გახდეს ძეგლის სახელის შეცვლაც. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ექსპერტს თუ სჯერა, რომ მეფე არტური რეალური ისტორიული ფიგურა იყო, მისი მითიური თავგადასავალი დაკავშირებულია ბნელ და შუა საუკუნეებთან და არა პრეისტორიულ ხანასთან.

თარიღის შეცვლა განაპირობა მეთოდმა, რომელსაც ოპტიკურად სტიმულირებულ ლუმინესცენციას (OSL) უწოდებენ და რომელიც ზომავს ფონური გამოსხივების სტაბილურ ეფექტს ჩამარხულ მინერალებში ელექტრონების პოზიციებზე. სტიმულირების დროს მინერალთა ნათება მეცნიერებს ეუბნება, ბოლოს როდის მოხვდათ მათ მზის სინათლე.

„უკიდურესად ამაღელვებელია, რომ ბოლოსდაბოლოს შევძელით დათარიღება ამ იდუმალი მონუმენტის კონსტრუქციისა, რომელიც აქამდე მითებსა და ლეგენდებში იყო ჩაფლული“, — ამბობს სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის არქეოლოგი ტიმ კინაირდი.

ძეგლის ზომა 47X20 მეტრია. გარს აკრავს ქვის ბლოკები, რომლებსაც ორთოსტატებს უწოდებენ. მათი სიმაღლე 1,8 მეტრამდეა და უმეტესობა წაქცეულია.

აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ის გარკვეული ბანაკი ან საქონლის სადგომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი დათარიღება ამასაც ეჭვქვეშ აყენებს და გასარკვევია, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა ამ კონსტრუქციას.

„ახლა საჭიროა, რომ მონუმენტი მიმდებარე პრეისტორიული ლანდშაფტისა და იქ არსებული სხვა სტრუქტურების კონტექსტში განვიხილოთ. ეს ყველაფერი მიანიშნებს მდიდარ ნეოლითურ ლანდშაფტზე, რაც აქტიურ საზოგადოებაზე მიუთითებს. თუმცა, საჭიროა სამომავლო კვლევები“, — ამბობს კინაირდი.

მკვლევართა აზრით, ამ ძეგლზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოუჩენელი. ძეგლის დანიშნულების დადგენას ართულებს ისიც, რომ არ არსებობს მეორე ისეთი ძეგლი, რომელსაც მკვლევრები მიწისა და ქვის ასეთი დამაინტრიგებელი განლაგების მქონე სტრუქტურას პირდაპირ შეადარებდნენ.