მედიკოსებისთვის ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
2021 წლის ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საშემოდგომო სესიაზე 1 600-მდე მაძიებელი გადის, აქედან 1 005 დიპლომირებული მედიკოსია, რომლებიც გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.
558 პირი კი, სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებს. უწყების ცნობით, გამოცდები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.
სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახა შალიკაძე განმარტავს, რომ საგამოცდო ბილეთი 200 ტესტისგან შედგება და მათზე მუშაობა მაძიებლებს სამი საათის განმავლობაში შეუძლიათ.
„დღევანდელი პანდემიის პირობებში აუცილებელია, ჩვენს ექიმებს ახალი ძალა და ენერგია შეემატოთ. სწორედ ამიტომ, დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოცდა. რეგულირების სააგენტო წელიწადში ორჯერ ატარებს საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომელიც დიპლომირებულ მედიკოსებს, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აძლევს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების უფლებას. საგამოცდო პროცესი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – განაცხადა კახა შალიკაძემ.