კუნძულ ჰაიტიზე ამერიკელი მისიონერები გაიტაცეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კუნძულ ჰაიტიზე, პოტ-ო-პრენსთან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი ქრისტიანი მისიონერები გაიტაცეს, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. გატაცებულია სულ მცირე 15 ადამიანი. ჯერ გატაცების დეტალები უცნობია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია და ჰაიტის პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.
კუნძულ ჰაიტიზე ადამიანთა გატაცების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში. ქვეყანა ეკონომიკური კრიზისშია, რაც პრეზიდენტის მკვლელობისა და რამდენიმე თვის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო კიდევ უფრო გამძაფრდა. ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები უცხოელებს გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით იტაცებენ.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მარტო 2021 წლის პირველ კვარტალში ადამიანთა გატაცების 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.