მედიის ინფორმაციით, ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი - ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს
მედიის ინფორმაციით, ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი - ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს

მედიის ინფორმაციით, ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი – ფერნანდო ვილავისენსიო მოკლეს. როგორც მედია იტყობინება, ეკვადორელი პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიას კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ატარებდა.

ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წევრს, ფერნანდო ვილავისენსიოს მაშინ დაესხნენ თავს, როცა ქვეყნის დედაქალაქ კიტოში გამართულ ღონისძიებას ტოვებდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყოფილ ჟურნალისტსა და მოქმედ კონგრესმენს სამჯერ ესროლეს.

მედიის ცნობით, ფერნანდო ვილავისენსიო ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან კანდიდატთაგან, ვინც ორგანიზებულ დანაშაულსა და ეკვადორის მთავრობის წარმომადგენლებს შორის კავშირს ამტკიცებდა.

საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის შემდეგ ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მედია წერს, რომ ეკვადორი ისტორიულად შედარებით უსაფრთხო, სტაბილური ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ნარკოკარტელებით გამოწვეული ძალადობრივი დანაშაულის ბოლოდროინდელი ზრდა ცენტრალური საკითხი გახდა წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში.

ეკვადორის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელი ორმხრივი სროლის შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი დეპუტატობის კანდიდატი და ორი პოლიციელი.

კიტოში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ პოლიციამ მკვლელობასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანი დააკავა. ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 აგვისტოს არის დაგეგმილი.