მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი
კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია ჩვენი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაყვანილი არიან სასამართლო სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 280 უცნობია“, – განაცხადა ნებიტოვმა.
მისი თქმით, ახლა კრიმინალური პოლიცია მუშაობს დაღუპული პირების იდენტიფიცირებაზე, კერძოდ, ხდება დნმ-ის აღება, ხოლო მონაცემები თავსდება საერთო მონაცემთა ბაზაში, შემდეგ კი სამართალდამცველები თანამშრომლობენ ახლობლებთან ამ მონაცემების შესადარებლად.
მისივე განცხადებით, ამჟამად 300-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ეს ციფრი გამუდმებით იცვლება, რადგან სამმართველოში ყოველდღიურად ახალი განცხადებები შედის.