უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსებისგან კიევის მთელი ოლქი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია მტრისგან”, – განაცხადა ანა მალიარმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა კიევის რაიონში 30 დასახლებულ პუნქტზე აღადგინეს კონტროლი.

„კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩვენმა ჯარებმა მტერი სახელმწიფო საზღვრისკენ განდევნეს. წარმატებით განდევნეს. გათავისუფლდა 30-ზე მეტი დასახლება”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, დმიტროვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სატანკო დანაყოფი და ბევრი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელებმა ხელთ იგდეს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევითი მოქმედებები წარმატებით მიმდინარეობს.