კიევის ოლქის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა
კიევის ოლქის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინაში სამართალდამცველების მიერ დაჭრილი ხუთი წლის ბავშვის გარდაცვალების  შემდეგ, კიევის ოლქის  პოლიციის უფროსი დიმიტრი ცენოვი გადადგა. უკრაინული მედიის ცნობით, ცენოვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა სერგეი კნიაზევმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენოვმა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ჩატარების ზონაში გაგზავნა ითხოვა.

„მე, როგორც კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, პასუხისმგებელი ვარ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირების ქმედებებზე, ამიტომ მივმართე ნაციონალური პოლიციის თავმჯდომარეს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით და ვითხოვ ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე მძიმე წერტილში გაგზავნას, კერძოდ კი გაერთიანებული ძალების ოპერაციის ჩატარების ადგილას“, – ნათქვამია ცენოვის განცხადებაში.

კნიაზევის თქმით, ის კიევის ოლქის პოლიციის უფროსის თხოვნას დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს კიევის საავადმყოფოში გარდაიცავალა სამართალდამცველების მიერ დაჭრილი ბიჭი. ინციდენტი 31 მაისს პერეიასლავ-ხმელნიცკში მოხდა. სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი სამართალდამცავი ლითონის ქილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, რა დროსაც ტყვია ახლომდებარე საბავშვო მოედანზე მყოფ ბიჭს მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მცირეწლოვნის გარდაცვალებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.