მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფოსგან შეკვეთილი მკვლელობა წარმოადგენს გერმანიის კანონმდებლობის და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქის დანაშაული დამტკიცებულია და ვადიმ კ.-სთვის სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მოითხოვა. ამასთან, გენერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა თქვა, რომ დარწმუნებულია, მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს და ის რუსეთის სახელმწიფო უწყებების შეკვეთით იყო ორგანიზებული. ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.