მედიის ცნობით, თურქეთის პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც პრესაში და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს
თურქეთის პარლამენტი დეზინფორმაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც პრესაში და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ვენეციის კომისიის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სიტყვის თავისუფლებას ემუქრება და მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყანაში ჟურნალისტები შესაძლოა, კიდევ უფრო დააზარალოს.
ვენეციის კომისია მოუწოდებს თურქეთის პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი საკანონმდებლო ინიციატივას.
12 ოქტომბერს კანონპროექტის განხილვის დროს, მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა ბურაქ ერბეიმ სიტყვით გამოსვლისას ჩანთიდან ჩაქუჩი ამოიღო და თავისი სმარტფონი დაამტვრია.
„თქვენ ერთადერთი თავისუფლება დაგრჩათ, სმარტფონები თქვენს ჯიბეში, რომლებსაც აქვთ „ინსტაგრამი“, „ფეისბუქი“, „იუთუბი“, რომლითაც კომუნიკაცია შეგიძლიათ. თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, თქვენ შეგიძლიათ, დაამტვრიოთ თქვენი ტელეფონები და გადაყაროთ ისინი. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მათი გამოყენება, თუმცა 2023 წლის ივნისის არჩევნებზე ჩემი ახალგაზრდა დები და ძმები მთავრობას გაკვეთილს ასწავლიან“, – განაცხადა ოპოზიციონერმა კანონმდებელმა.
მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ და მისი მოკავშირეები პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ და ელოდებიან, რომ კანონი მიმდინარე კვირაში დამტკიცდება. მედია იუწყება, რომ ინიციატივის კრიტიკოსები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები შეშფოთებული არიან იმ მუხლით, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.