მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენციასთან დაკავშირებით პოზიცია დაადასტურეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენციასთან დაკავშირებით პოზიცია დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მაკრონმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა პარიზისა და პეკინის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები აღმოიფხვრას.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. კონფლიქტის შედეგები ევროპის საზღვრებს სცდება და უნდა გადაილახოს საფრანგეთისა და ჩინეთის თანამშრომლობით“, – ნათქვამია მაკრონის პრესსამსახურის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდონეზიაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ასევე განიხილეს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების თემაც. კერძოდ, საუბარი შეეხო ზამბიას, რომლისთვისაც ჩინეთი უმსხვილესი კრედიტორია.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოებმა ასევე გაავრცელეს განცხადება სი ძინპინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკება პოზიტიური იყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნება.