მედიის ცნობით, მინსკში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა
მინსკში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 31 წლის რომან ბონდარენკო მინსკის საავადმყოფოში პოლიციიდან გადაიყვანეს, მას თავის ტვინის ტრავმა და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც ბელარუსული ვებგვერდი „ტუტ.ბაი“ იუწყება, ბონდარენკოს ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში უკეთებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ბელარუსის მედია წერს, ბონდარენკო პოლიციამ 11 ნოემბერს დააკავა, როდესაც სამართალდამცავები მინსკის ერთ-ერთ ეზოში გამოფენილ თეთრ და წითელი ფერის დროშას ხსნიდნენ. დაკავების დროს ის საბავშვო ატრაქციონს შეაჯახეს. სწორედ ამ დროს მიიღო მან თავის ტრავმა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ აქტივისტი ქუჩაში გარჩევის დროს მოკლეს.
ბონდარენკოს სიკვდილის შემდეგ მინსკის ქუჩებში მოქალაქეები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას მიაგეს პატივი.
ოფიციალური მინსკი ამ დრომდე აქციების დროს მხოლოდ სამი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. თუმცა, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტია.
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოს გამართული არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომლის გამარჯვებულადაც ალექსანდრ ლუკაშენკო დასახელდა.