მედიის ცნობით, გერმანიის საქსონიის რეგიონის ქალაქ ფრაიბერგის მერი სანკტ-პეტერბურგში საზეიმო წვეულების სტუმარი იყო
გერმანიის საქსონიის რეგიონის ქალაქ ფრაიბერგის მერი სვენ კრიუგერი სანკტ-პეტერბურგში საზეიმო წვეულების სტუმარი იყო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული და უკრაინული მედია ავრცელებს.
ისტორიული დეკორაციებით გაფორმებული წვეულება 25 აგვისტოს ეკატერინეს სასახლეში გაიმართა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია „მეფის დროინდელი რუსული კულტურული კოდექსის“ აღორძინება.
ღონისძიებას ასობით სტუმარი ესწრებოდა. წვეულებაზე მოისმინეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დისტანციური მიმართვა, რომელშიც მან პროექტი შეაქო.
ფრაიბერგის მერის სანკტ-პეტერბურგში გამართულ წვეულებაზე დასწრება დაადასტურეს ქალაქის მერიაშიც, თუმცა მისი ვიზიტის შესახებ ოფიციალური ანონსი არ გავრცელებულა. მერის პრესმდივანმა განმარტა, რომ კრიუგერი რუსეთში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, თუმცა წვეულებაზე ის წარადგინეს როგორც მერი.
უკრაინული მედიის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას სვენ კრიუგერმა აღნიშნა, რომ რუსული ენის სწავლა, ერთ წელზე მეტი ხანია, რაც დაიწყო. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „რთული დრო გაივლის“ და მომავალში რუსეთი და გერმანია კვლავ იპოვიან ბევრ საერთოს.
კრიუგერი, რომელიც ამჟამად არცერთი პარტიის წევრი არ არის, ქალაქ ფრაიბერგის მერის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს. პრესა კრიუგერის რუსეთთან სხვადასხვა კავშირის შესახებ წარსულშიც წერდა.