მედიის ცნობით, ფრანგ სენატორებს სურთ, „ტიკტოკის“ გამოყენება სტრატეგიული კომპანიების თანამშრომლებისთვის აიკრძალოს
ფრანგ სენატორებს სურთ, ჩინეთის საკუთრებაში არსებული ვიდეოგაზიარების აპლიკაცია „ტიკტოკის“ გამოყენება სტრატეგიული კომპანიების თანამშრომლებისთვის აიკრძალოს.
„„ბაითდანსი“ და „ტიკტოკი“ დამოკიდებულნი არიან ჩინეთზე ყველა დონეზე: ტექნიკურად, კაპიტალით, პოლიტიკურად და იურიდიულად“, – განაცხადა სენატორმა კლოდ მალურემ.
მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთის სენატმა შექმნა საგამოძიებო კომიტეტი პოპულარულ პლატფორმაზე, რათა შეესწავლა „ტიკტოკის“ გამოყენება, მისი მონაცემების ექსპლუატაცია, გავლენის სტრატეგია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია. მოსმენების შემდეგ კანონმდებლებმა ჩამოთვალეს 21 რეკომენდაცია, მათ შორის არის „ტიკტოკის“ აკრძალვის გაფართოება საჯარო მოხელეების ტელეფონებზე, ე.წ. სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სამსახურების თანამშრომლების ტელეფონებზე. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ასეთი ოპერატორების სია არ არის საჯარო, მაგრამ მოიცავს ორგანიზაციებს სამხედრო, ენერგეტიკის, ფინანსების, ტრანსპორტის და წყლის მართვის სექტორებში.