მედიის ცნობით, ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტი მერკსპლასის დაკავების ცენტრში 15 თებერვალს მოხდა. როგორც ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, მამაკაცი სამედიცინო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღე შიმშილობდა.
როგორც მედია წერს, დაკავებული იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ყოველდღე ამოწმებდა ექიმი. იმიგრაციის ოფისის წარმომადგენლის, დომინიკ ერნოულდის განცხადებით, გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მამაკაცმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
„არაფერი იყო ისეთი, რაც მანიშნებდა ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ასევე იმაზე, რაც დაადგენს შიმშილობასა და სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ყველა პარამეტრი იყო ნორმაში“, – აღნიშნავს დომინიკ ერნულდი.
ანტვერპენის დაკავების ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების საქმეს ბელგიის პროკურატურა იძიებს. ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ცნობით, მამაკაცის შვილები და მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობენ. ცოლი მას დაკავების ცენტრში აკითხავდა.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცისთვის თავშესაფრის მინიჭების განაცხადზე პასუხისმგებელი ქვეყანა საფრანგეთი იყო, შესაბამისად, ბელგიის ადმინისტრაციას მისი საფრანგეთისთვის გადაცემა სურდა. საფრანგეთმა მის უკან მიღებაზე უარი განაცხადა. ეს იყო შიმშილობის მიზეზი.