მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ავიაციამ სირიასა და ერაყში ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბა
აშშ-ის სამხედრო ავიაციამ სირიასა და ერაყში ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ძალებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბვას, ამერიკელმა სამხედროებმა ოპერაციულ და იარაღის შესანახ ობიექტებზე დარტყმებით უპასუხეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ ირანისგან მხარდაჭერილ ჯგუფებზე ავიაიერიშების ბრძანება გასცა.
გასული თვეების განმავლობაში, ერაყში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი დაბომბვა განხორციელდა. ირანი აღნიშნულ ინციდენტებში ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს. ერაყში ამჟამად 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში რადიკალ ისლამისტებს ებრძვიან. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სირიაში აშშ-ის საჰაერო დაბომბვას შიიტური დაჯგუფების ხუთი მებრძოლი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა.