„მედიაცენტრ მთავარს“, რომელმაც „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ აქტივისტების გახშირებული შეჭრის გამო მუშაობა შეაჩერა, სოფო ხორგუანი საკუთარ ფართს დაუთმობს
„მედიაცენტრ მთავარს“, რომელმაც „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ აქტივისტების გახშირებული შეჭრის გამო მუშაობა შეაჩერა, სოფო ხორგუანი საკუთარ ფართს დაუთმობს

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი „მედიაცენტრ მთავარს“ მუშაობის გაგრძელებისთვის საკუთარი ბინის ნაწილს დაუთმობს.

„ბოლო 10 წელია, ჩემი კერძო კომპანია მაქვს, ჩემი პირადი შემოსავლებით შევიძინე ბინა, სადაც ნაწილს დავუთმობ „მედიაცენტრ მთავარს“, რადგან ვიცი, რას ნიშნავს, როცა მარტო, მხოლოდ შენი უნარებით, შრომითა და მონდომებით იმკვიდრებ ადგილს, როცა ერთ დღეს ქუჩაში რჩები შენი პირადი ბრალეულობის გარეშე, როცა თავს დამტყდარი სასოწარკვეთამდე ერთ ნაბიჯს გიტოვებს და როცა არ იცი, ხვალ რა უნდა აკეთო, როგორ გადარჩე. გადარჩე როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე, როგორც პროფესიონალი. ჰოდა, უბრალოდ ვინმემ გაბედოს და ჩემს კერძო საკუთრებაში შემოჭრა სცადოს“, – წერს ხორგუანი.

პრესკლუბმა „მთავარი“ მუშაობა შეაჩერა და პრესკლუბში პრესკონფერენციები არ გაიმართება.

როგორც პრესკლუბ „მთავარის“ ხელმძღვანელი ეკა გულუა აცხადებს, დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შეიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელს შენობაში შექმნეს გარკვეული სახის დისკომფორტი.