სოფო ხორგუანი - აშშ-ის პრეზიდენტი ვინც არ უნდა გახდეს, ჩვენთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება
სოფო ხორგუანი - აშშ-ის პრეზიდენტი ვინც არ უნდა გახდეს, ჩვენთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება

აშშ-ის პრეზიდენტი ვინც არ უნდა გახდეს, ჩვენთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ კრიზის-მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება და ისევ სტრატეგიული პარტნიორები ვიქნებით, ისე, როგორც აქამდე ვიყავით. ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც, ტრამპის მმართველობის პირობებში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებდით, როგორც ფინანსურს, ისე მატერიალურ-ტექნიკურს და სხვა. ეს ასახულია რიცხვებში, სამხედრო თანამშრომლობა იქნება ეს, პირდაპირ ფინანსური დახმარება, განცხადებები თუ სენატის და კონგრესის გადაწყვეტილებები. თვითონაც ამბობდნენ, რომ რეალურად, უპრეცედენტოა თანამშრომლობის ის დონე, რომელიც დღეს აშშ-თან გვაქვს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტად ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ხორგუანმა.

როგორც სოფო ხორგუანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ ევროპამ და დასავლეთმა მიგვატოვა, დღესაც ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა უპასუხისმგებლო განცხადება საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.

„ზოგიერთი იმასაც ამბობდა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლები საერთოდ რად გვინდა, თავიანთ თავს მიხედონ და ჩვენ, ქვეყანა თვითონ გადავწყვეტთ, აქ როგორ გავაკეთებთო. ამას ამბობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს და თქვეს, რომ ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. არ შეიძლება, პოლიტიკოსები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდნენ, დასავლეთი არ გვჭირდებაო. დასავლეთი მხოლოდ მაშინ სჭირდებათ, როცა „ფრონტერას“ თემა აქვთ, ან რურუას პოლიტპატიმრობაზე სჭირდებათ განცხადება, ასეთ შემთხვევაში კი არ სჭირდებათ. ეს მათ საზიანოდ არის. ხვალ რომ იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ან მხარდაჭერა დასჭირდებათ, მაშინ რას იტყვიან, აქ მჯერა და აქ არაო?“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, ასეთი შინაარსის განცხადებები ისეთმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს, რომლებიც პროდასავლურობაზე დებენ თავს და მსგავსი შეფასება მათგან განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იყო. კრიზის-მენეჯერმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკაში მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სოფო ხორგუანმა ასევე განაცხადა, რომ მრავალპარტიულობაზე მეტად, მისი დაკვეთა ის არის, რომ პარლამენტში ვინც იქნება, საქმეზე იყოს ორიენტირებული.

მრავალპარტიულობაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვინც არის, საქმეზე იყოს ორიენტირებული; იქ იმისთვის იყოს, რისთვისაც უნდა იყოს და არა საკუთარი ბიზნესის დასაცავად, თუ საკუთარი კრიმინალური წარსულისგან ინდულგენციის მოსაპოვებლად. ჩემი და ჩემნაირების დაკვეთაა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქმეებს დეტალებში შეისწავლიან და ისე იმუშავებენ, რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი გახდეს. ჩემი დაკვეთაა“, – განაცხადა ხორგუანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს და ოპოზიციის ქმედებებს, სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ სხვანაირი შედეგები რომ ყოფილიყო, ან ოპოზიცია სხვანაირად მოქცეულიყო, გაუკვირდებოდა.