სოფო ხორგუანი - დაძაბულობა უკვე ძალიან სახიფათო იყო და კარგია, რომ დიალოგი დაიწყო
სოფო ხორგუანი - დაძაბულობა უკვე ძალიან სახიფათო იყო და კარგია, რომ დიალოგი დაიწყო

დაძაბულობა უკვე ძალიან სახიფათო იყო და კარგია, რომ დიალოგი დაიწყო, – განაცხადა კრიზის-მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ადამიანთა ერთი ათეული მეორე ათეულს ქუჩაში ფიზიკურად არ უსწორდება და პოლიტიკოსები რაღაცნაირად, სწავლობენ, როგორ უნდა იქცეოდნენ. ისინი სხედან და საუბრობენ. როცა ორივე მხარე წითელ ხაზებზე საუბრობს, ეს შეიძლება, გარკვეულიტაქტიკაა, ან საკუთარი მხარდამჭერების შეგულიანებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ რომელიღაც მხარე ქვეყანაზე ფიქრობს, მოახერხებენ, რომ მეტი პრაგმატიზმი მოიტანონ და მაშინ შესაძლებელია, კომპრომისი შედგეს. კომპრომისზე ალბათ უნდა წავიდეს ის, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს. განსაკუთრებული წარმოდგენა არც ერთ მხარეზე არ მაქვს, მაგრამ გამოჩნდება, ვის მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, უკვე კარგია ის, რომ ქუჩაში დაძაბულობა და ძალადობრივი ჯაჯგური არ გვაქვს“, – განაცხადა ხორგუანმა.

ამ განცხადებით, სოფო ხორგუანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი მაშინ, როდესაც მხარეები წითელ ხაზებზე საუბრობენ და შეიძლება თუ არა, კომპრომისის თემა პლებისციტი გახდეს.

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, პლებისციტი იქნება ეს, ვადამდელი არჩევნები თუ სხვა, საზოგადოებას ისეთი შეთანხმება სჭირდება, რომელიც ნდობას დაიმსახურებს, ამას კი რეფორმა ესაჭიროება და ის კეთილსინდისიერმა, პროფესიონალმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ.

„რეფორმა ვინ უნდა გააკეთოს? კი, ჩვენი დასავლელი მეგობრები მოგვცემენ ფულს, რესურსს, გამოგვიგზავნიან ექსპერტებს, მოგვცემენ მაგალითებსა და დოკუმენტებს, მაგრამ ეს ამბიციური საარჩევნო რეფორმა ვინ უნდა ჩაატაროს, რომელიც ექვსპუნქტიან გეგმაში პირველ პუნქტად წერია? რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, ვისაც ჩვენ მივეცით ლეგიტიმაცია, რომ დეპუტატები იყვნენ და კანონები წერონ, მაგრამ არავის ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ვისი უნდა დავიჯერო, მამუკა ხაზარაძის, რომელიც ამბობს, ბიზნესში ყველაფერი მოსულაო? იმის უნდა დავიჯერო, ვიღაცას რომ იდეას მოპარავს, იქ რაღაც კომპანიას გააკოტრებს და შეისრუტავს, თუ ნინო ბურჯანაძე დამილაგებს მერიტოკრატიულ სისტემას? ამისთვის საჭიროა კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან. რეალურად, ამ ადამიანებზე დგას საქართველო და არა იმ ასეულზე, რომელიც იყო, არის და კიდევ უნდა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხორგუანმა.

კრიზის-მენეჯერმა პოლიტიკოსებს მიმართა, ხალხს მოუსმინონ.

„მოგვისმინეთ, ბატონებო, ხალხს. ნუ დაკარგავთ რეალობის გრძნობას. იმიტომ, რომ ხელისუფალისთვის ყველაზე საშიშია თვითკმაყოფილება და რეალობის გრძნობის დაკარგვა“, – განაცხადა ხორგუანმა.

სოფო ხორგუანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა აუცილებლად შეიცვლება და ამას ძალიან დიდი დრო არ დასჭირდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ელიტები შეიცვლება და ამას ძალიან დიდი დრო არ დასჭირდება. მე მეგულება ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და პატრიოტი ადამიანი, რომელსაც საქმის კეთებაც შეუძლია და შეუძლია, ეს ორპოლუსიანობა რაღაცნაირად გააზავოს. არ ვიცი, ეს მესამე ძალა იქნება, მეოთხე თუ მეხუთე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

დატოვე კომენტარი