მედია - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვებს. ეს განცხადება რობერტ ფიცომ სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც მან თქვა, ის თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე აპირებს, აუწყოს მას, რომ ბრატისლავა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას დაბლოკავს, რადგანაც „არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე“.
ფიცოს ინფორმაციით, დენის შმიგალთან შეხვედრას ის უჟგოროდში 24 იანვარს გამართავს.
„მე ვეტყვი, რომ ვეტოს დავადებ და დავბლოკავ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგანაც სწორედ ეს წარმოადგენს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველს და მეტი არაფერი“, – განაცხადა ფიცომ.
ამასთან ერთად, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებას არ მიაწვდის.
„მე ასევე ვეტყვი ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ როდესაც საუბარია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეასრულოს პირობები. არ შეიძლება, ევროკავშირში გაწევრიანდეს ისეთი ქვეყანა, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება არცერთ მოთხოვნას“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, ის უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად ჩადის.