მედია - პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, „ვაგნერი“ მიმდინარე წლის დასაწყისში წარუმატებლად ცდილობდა ჩინეთისგან შეიარაღების შეძენას
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობს, მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთს წარუმატებლად სთხოვდა იარაღის მიწოდებას. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ამის შესახებ ირკვევა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებიდან, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა.
ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული კომპანია „ვაგნერის“ წარმომადგენლები 2023 წლის დასაწყისში ჩინეთში ცდილობდნენ საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობების შეძენას, თუმცა, იანვრის დასაწყისის მდგომარეობით, ჩინეთს „ვაგნერისთვის“ არანაირი იარაღი არ გაუგზანია ცდებისთვისაც და არ ჰქონია რუსულ კერძო სამხედრო კომპანიასთან არანაირი კონტაქტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ასევე ნახსენებია „ვაგნერის“ მიერ მოსკოვის სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან – ბელარუსისგან და სირიისგან იარაღის წარმატებული შეძენა.
ერთი-ერთი დოკუმენტის მიხედვით, იანვრის დასაწყისისთვის ბელარუსმა უკვე მიაწოდა დაპირებული იარაღის 50 პროცენტი და „ვაგნერელებს“ შესთავაზა ყუმბარმტყორცნებისთვის 300 ათასი ჭურვის გაგზავნა. „ვაგნერის“ მებრძოლებმა ასევე შეიძინეს სირიაში ექვსი ყუმბარმტყორცნი და 180 ყუმბარა.
დოკუმენტის მიხედვით, თურქეთში კი პრიგოჟინის კომპანია ცდილობდა უპილოტო საფრენი აპარატების, რადიოელექტრონული სისტემების, საარტილერიო დანადგარების შეძენას, თუმცა თურქულმა მხარემ „ვაგნერს“ აცნობა, რომ მოთხოვნილი შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნაწილის ექსპორტირება არ შეუძლიათ.