მეცნიერებმა ქვის ხანის ქალის საოცრად რეალური რეკონსტრუქცია შექმნეს — #1tvმეცნიერება
ქვის ხანის ქალი, რომელიც 4000 წლის წინ ცხოვრობდა, ჯოხს ეყრდნობა და წინ იყურება, საითაც ახალგაზრდა, მკვირცხლი ბიჭი გარბის — ასეთია საოცარი, რეალური ზომების რეკონსტრუქცია, რომელიც შვედეთში გამოფინეს.
ვესტერნორლანდის მუზეუმში გამოფენილი რეკონსტრუქცია შექმნეს ჩონჩხის საფუძველზე, რომელიც 1923 წელს სოფელ ლაგმანსერენთან, გზის მშენებლობისას აღმოაჩინეს; მის გვერდით იპოვეს დაახლოებით შვიდი წლის ბიჭის ჩონჩხიც.
„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი დედა-შვილი იყვნენ. არ არის გამორიცხული, და-ძმაც ყოფილიყვნენ. არ ვიცით, რადგან დნმ სათანადოდ არ არის შემონახული, რომ ანალიზები ჩავუტაროთ და მათი კავშირი დავადგინოთ“, — ამბობს შვედი სასამართლო ექსპერტი ოსკარ ნილსონი, რომელმაც 350 საათში შექმნა ცოცხალს მიმსგავსებული მოდელი.
მოდელის შექმნისას ნილსონი მიჰყვებოდა იმ აზრს, რომ ქალი შვილთან ერთად იყო, რომელიც მის წინ დარბოდა.
„ის დედის თვალებით იყურება, გამოსჭვივის სიყვარული და დისციპლინა, ნაზი, მაგრამ მკაცრი მზერა ისეთია, თითქის ის ბიჭს სიფრთხილისკენ მოუწოდებს“, — ამბობს ნილსონი.
ნეოლითის პერიოდის ქალი და პატარა ბიჭუნა ქვის სამარხში იყვნენ დაკრძალული. ქალი დაახლოებით 30 წლის ასაკშია დაღუპული, სიმაღლეში 150 სანტიმეტრამდე უნდა ყოფილიყო.
ნილსონის განცხადებით, ქალის ჩონჩხს არ აღენიშნება არასათანადო კვების, დაზიანების ან რაიმე დაავადების ნიშნები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის რაღაც ისეთი დაავადებით მოკვდა, რომელმაც ჩონჩხზე ნიშნები არ დატოვა.
კბილებში არსებული იზოტოპების კვლევით დგინდება, რომ ჭამდა ხმელეთზე მოწეულ საკვებს, რაც უცნაურია, რადგან მისი საფლავი სანაპიროსთან ახლოს არსებულ, თევზით სავსე მდინარის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
ნილსონს ქალის რეკონსტრუქცია ორი წლის წინ სთხოვეს; ამისათვის, მან თავის ქალა დაასკანერა და 3D პრინტერით პლასტმასის ასლი გააკეთა.
მას უკვე მრავალი ასეთი რეკონსტრუქცია აქვს შექმნილი. ნილსონი ითვალისწინებს უძველესი ინდივიდის სექსს, ასაკს, წონას და ეთნიკურობას — ფაქტორებს, რომლებსაც გავლენა აქვს პიროვნების სახის ქსოვილების სისქეზე და ზოგად შესახედაობაზე. თუმცა, რადგან ქალის დნმ ზედმეტად დეგრადირებული იყო, დაზუსტებით არ იცოდა მისი გენეტიკური წარსული, თმისა და თვალის ფერი.
ამიტომ, შესახედაობის შესახებ ნილსონმა დასაბუთებული ვარაუდი გაითვალისწინა. უძველეს სკანდინავიაში მიგრაციის სამი დიდი ტალღა იყო: პირველად 12 000 – 10 000 წლის წინ, მონადირე-შემგროვებლების, რომლებსაც მუქი კანი და ცისფერი თვალები ჰქონდათ; მეორე ტალღა — ამ ქალის პერიოდში, 5000 – 4000 წლის წინ სამხრეთიდან მოსული მკრთალკანიანი, მუქთმიანი და ყავისფერთვალებიანი ფერმერების; და მესამე ტალღა დაახლოებით 3500 წლის წინ მოიცავდა იამანაიას კულტურას თანამედროვე უკრაინის ტერიტორიიდან, რომლებსაც ფერმერებზე ოდნავ მუქი კანი ჰქონდათ და თან მოიტანეს ლითონების წარმოების მეთოდი, რის გამოც, ის ამ რეგიონში პირველი ბრინჯაოს ხანის კულტურაა.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნილსონმა ქალს ყავისფერი თმა და თვალები მისცა, კანი კი ფერმერების მსგავსი ღია. სავარაუდოდ, ის ნაწილობრივ მისდევდა ყველაფერს — როგორც მონადირე-შემგროვებლობას, ისე სოფლის მეურნეობას.
რეკონსტრუქციაში ქალს თმები ბეწვისა და ტყავის თოკით აქვს შეკრული. ეს სამუშაო დამოუკიდებელმა არქეოლოგმა ელენა გაერუმმა შეასრულა, რომელიც ტყავის დამუშავებისთვის ქვის ხანის მეთოდს იყენებს.
მოდელის შემოსვამდე, გაერუმმა შეისწავლა ნეოლითურ სოფელ ლაგმანსერენის ანტიკური კლიმატი, ლანდშაფტი, მცენარეულობა და ცხოველები. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მან ქალის ტანსაცმელი ირმისა და ცხენ-ირმის ტყავისგან შექმნა, ფეხსაცმელები კი ჩრდილოეთის ირმის, თახვისა და მელის ტყავისგან.
ადამიანები ხშრად ვფიქრობთ, რომ ქვის ხანის ადამიანები პრიმიტიულები იყვნენ, მაგრამ გაერუმმა ამ წარმოდგენის შეცვლა სცადა.
„ვფიქრობ სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ მას პრიმიტიული ტანსაცმელი ეცვა. მსურდა, ის უფრო თანამედროვედ შემემოსა, რადგან ჩვენც და ისიც ჰომო-საპიენსები ვართ“, — ამბობს მკვლევარი.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.