მეცნიერებმა მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს — #1tvმეცნიერება

თუკი სახლში საოცრად სწრაფი ფართოზოლიანი ინტერნეტით დიდ სიამოვნებას იღებთ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ძალიან შორს ხართ მონაცემთა გადაცემის ახალი რეკორდისგან: 1,02 პეტაბიტი წამში.

ეს ნიშნავს წამში მილიონი გიგაბიტის გადაცემას. რეკორდი იაპონიის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეროვნული ინსტიტუტის (NICT) ჯგუფმა დაამყარა, რომელმაც მონაცემები 51,7 კილომეტრზე გადასცა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს საკმარისი გამტარუნარიანობაა, რათა გადავცეთ არა მხოლოდ ერთი 8K ვიდეო ან ასი თუ ათასი 8K ვიდეო, არამედ დაახლოებით 10 მილიონი 8K ვიდეო ერთდროულად. გაცილებით მეტი, ვიდრე მთელი Netflix-ი.

მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ახალი რეკორდის ერთ-ერთი ამაღელვებელი ასპექტი ის არის, რომ მეცნიერებმა მას ოპტიკური ისეთი ბოჭკოს გამოყენებით მიაღწიეს, რომელიც დიდად არ განსხვავდება ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში ამჟამად გამოყენებულისგან. მკვლევართა განცხადებით, ეს ფაქტი მომავალში სიჩქარის ამ სახით გაზრდას გაამარტივებს.

სულ რაღაც ერთი წლის წინ, ამავე ინსტიტუტის მკვლევრებმა დადეს მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ამჟამად მიღწეულის დაახლოებით მესამედი იყო; ეს კი კიდევ ერთხელ აჩვენებს ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას.

ექსპერიმენტში გამოიყენეს 0,125 მმ დიამეტრის მრავალბირთვიანი ბოჭკო (MCF), მაგიური ინგრედიენტის როლს ასრულებდა ტალღის სიგრძის გაყოფის მულტიპლექსირება (WDM): ამ ტექნოლოგიის წყალობით, სხვადასხვა ტალღის სიგრძის სიგნალები ხაზში ერთდროულად იგზავნება. ერთ ხაზში ჯამში 801 პარალელური ტალღის სიგრძის არხი ჩატიეს.

კიდევ ერთი ინოვაცია იყო სტანდარტული ერთის ნაცვლად ოთხი ბირთვის გამოყენება, რამაც მონაცემთა გადაცემის მარშრუტები გააოთხმაგა, თანაც ისე, რომ არ შეცვლილა კაბელის ზომა — დარჩა იგივე, რაც სტანდარტულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზს აქვს. მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს ოპტიმიზაციის, სიგნალის გაძლიერების და დეკოდირების სხვადასხვა ტექნოლოგია.

ამ სახის სპეციალიზებულ ექსპერიმენტებში, როგორც წესი, არის ბალანსი მანძილსა და სიჩქარეს შორის — გრძელ მანძილზე მაღალი სიჩქარის შენარჩუნება ძნელია. ჯგუფი გეგმავს, რომ სამომავლო კვლევაში გააუმჯობესოს როგორც სიჩქარე, ისე მანძილი.

მართალია, პეტაბიტის საეტაპო ნიშნულს მკვლევართა ამავე ჯგუფმა 2020 წლის დეკემბერშიც მიაღწია, მაშინ ისინი უფრო რთულ ტექნოლოგიას იყენებდნენ, რაც სიგნალის დაშიფვრისა და გაშიფვრისთვის დამატებით სამუშაოს მოითხოვდა. ამჟამად გამოყენებული სისტემა გაცილებით მარტივია რეალურ ფიზიკურ ქსელებში დასანერგად, ამჟამად უკვე არსებულის მსგავს ინფრასტრუქტურაში.

ამასობაში მსოფლიოში 5G-ის დანერგვა გრძელდება და ასეთი ტექნოლოგიის საჭიროება ყოველდღიურად უფრო მეტად დადგება.

„5G-ის გარდა, მონაცემთა გადაცემის ფეთქებადი ზრდა მოსალოდნელია საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებშიც; ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია ახალ ბოჭკოებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება“, — წერს იაპონიის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეროვნული ინსტიტუტი განცხადებაში.

ახალი კვლევა ლაზერებისა და ელექტრო-ოპტიკის 2022 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია nict.go.jp-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.