319 ტერაბიტი წამში — იაპონიაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს #1tvმეცნიერება
319 ტერაბიტი წამში — იაპონიაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარეს #1tvმეცნიერება

იაპონელი ინჟინრების მიერ შექმნილმა ახალმა ტექნოლოგიამ მონაცემთა გადაცემის ამჟამინდელი რეკორდი მოხსნა.

3000 კმ სიგრძის ოპტიკურ კაბელში მკვლევართა ჯგუფმა მონაცემები წამში 319 ტერაბიტის სიჩქარით (Tb/s) გაატარა.

შედეგად, არა მხოლოდ მოიხსნა წინა რეკორდი, 178 ტერაბიტი წამში, არამედ ეს ტექნოლოგია თავსებადია უკვე არსებულ ინფრასტრუქტურასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განახლება შედარებით ადვილია.

ახალი რეკორდის ავტორია მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, რომელსაც იაპონიის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NICT) ფიზიკოსი ბენიამინ პუტმენი ხელმძღვანელობდა. ამავე დროს ეფუძნება წინა, შარშანდელ მიღწევას, რომელშიც NICT-იც მონაწილეობდა და მაშინ, მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ 172 ტერაბიტი წამში შეადგინა.

შარშანდელ მიღწევაში გამოიყენეს შეწყვილებული სამბირთვიანი ოპტიკური ბოჭკო — ტექნოლოგია, რომელიც მონაცემებს სამ ოპტიკურ-ბოჭკოვან მილში ატარებს, რათა გრძელ მანძილზე გადაცემისას შემცირდეს სიგნალის დაზიანება; ამჟამად კი სტანდარტად ერთი ოპტიკურ-ბოჭკოვან მილი მიიჩნევა. იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს წელსაც, წამში 319 ტერაბიტი სიჩქარის მისაღწევად, მაგრამ ოთხბირთვიანი ოპტიკური ბოჭკოთი.

მონაცემთა გადაცემისას გამოიყენეს ტექნოლოგია, სახელად ტალღის სიგრძის დაყოფის მულტიპლექსირება (WDM). მოემართება ლაზერიდან, რომელიც სიგნალებს 552 არხად ყოფს და ოთხ ოპტიკურ-ბოჭკოვან ბირთვში აგზავნის.

ბოჭკოს გასწვრივ, 70 კმ სიგრძის ინტერვალებში, გამაძლიერებლები სიგნალს აძლიერებენ, რათა გრძელ მანძილზე გადაცემისას მინიმალური იყოს გადაცემის დანაკარგი. ახალი სახის ორ გამაძლიერებელს დამატებულია იშვიათმიწა ელემენტები, თულიუმი და ერბიუმი.

საერთო ჯამში, მონაცემთა გადაცემის საშუალო მაჩვენებელი ერთ არხში დაახლოებით 145 გიგაბიტი წამში იყო თითოეული ბირთვისთვის, ოთხივე ბირთვში ერთად კი დაახლოებით 580 გიგაბიტი წამში.

რეკორდული 319 ტერაბიტი წამში სიჩქარე მიიღწა მაქსიმუმ 552 ტალღის სიგრძის არხზე.

ოთხივე ოპტიკური ბოჭკოს ბირთვის შეკვრის დიამეტრი იგივე იყო, რაც სტანდარტული ერთბირთვიანი ოპტიკური ბოჭკოსი.

„ეს კი ძალიან მიმზიდველია SDM ბოჭკოების მაღალი გამტარუნარიანობის ადრეული მიღებისათვის, გრძელმანძილიანი კავშირებისთვის, რადგან ის თავსებადია ტრადიციულ საკაბელო ინფრასტრუქტურასთან და მოსალოდნელია, რომ მექანიკური საიმედოობაც ექნება ერთრეჟიმიან ბოჭკოებთან შედარებით“, — წერს ჯგუფი.

მკვლევართა ჯგუფი მუშაობას განაგრძობს და ამჯერად გეგმავს როგორც გადაცემის ტევადობის, ისე მანძილის კიდევ უფრო გაზრდას.

კვლევა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინეს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.