მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომელიც კბილის დაზიანებულ ემალს აღადგენს
კბილის ემალი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მყარი სუბსტანციაა, მაგრამ დაზიანების შემდეგ, ის აღარ აღდგება. მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს უზიანდება კბილები სწორედ ემალის დაკარგვის გამო. თუმცა, ახალი კვლევა ამ პრობლემის გადაჭრას გვპირდება.
ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს სითხე, რომელიც დაზიანებული ემალის ზედაპირს ეფექტიანად აღადგენს. ამისათვის მათ გამოიყენეს ნივთიერება, რომელიც იმეორებს კბილის გარე დამცავ ფენაში მიმდინარე მინერალიზაციის პროცესს.
კბილის ემალი წარმოიქმნება ბიომინერალიზაციის პროცესში, რომელშიც ამელობლასტების სახელით ცნობილი უჯრედები გამოყოფენ ცილებს, რომლებიც თანდათან მაგრდება და წარმოქმნის კბილის გარე საფარს.
პრობლემა ის არის, რომ ამელობლასტები წარმოდგენილია მხოლოდ კბილის განვითარებისას, ანუ, ზრდასრულ კბილს უკვე აღარ აქვს თვითაღდგენის უნარი.
მეცნიერებმა არაერთი მიდგომა გამოიყენეს მინერალიზაციის პროცესის ხელახლა დაწყების წასახალისებლად, მაგრამ როგორც ჯეძიანის უნივერსიტეტის მკვლევრები აღნიშნავენ, ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ემალი კომპლექსური, კრისტალური სტრუქტურის კვლავწარმოება ლაბორატორიაში ვერასოდეს მოხერხდა.
თუმცა, ახალმა კვლევამ სრულიად სხვა შედეგები დადო.
„დავადგინეთ, რომ რაციონალურად შემუშავებული მასალა, რომელიც კალციუმის ფოსფატის იონების გროვებისგან შედგება, შეიძლება გამოვიყენოთ წინამორბედი ფენის საწარმოებლად, რათა მოხდეს ემალის აპატიტის ეპიტაქსიური კრისტალების ზრდის სტიმულირება; ეს კი იმეორებს ბუნებაში განვითარებული მყარი სხეულის ბიომინერალიზაციის კრისტალურ-ამორფულ საზღვარს“, — წერია კვლევაში.
ამ მიღწევას ჯგუფი მსოფლიოში პირველს უწოდებს და მოითხოვს კალციუმის ფოსტაფის იონების გროვის (CPIC) ახალ სახეს, რომლის დიამეტრიც მხოლოდ 1,5 ნანომეტრია.
ამის შემდეგ, ეს ციცქნა ნაწილაკები ეთანოლის ხსნარში ქიმიური ნივთიერება ტრიეთილამინით დაასტაბილურეს, რამაც მათი შეჯგუფების პრევენცია მოახდინა.
მას შემდეგ, რაც პაციენტების მიერ შემოწირულ კბილებს მკვლევრებმა მათ მიერ შექმნილი გელის მსგავსი ნივთიერება წაუსვეს, ულტრაპატარა გროვები წარმატებით შეერწყა ბუნებრივი ემალის თევზის ქერცლის მსგავს სტრუქტურას, კბილის საფარი აღადგინა განურჩეველი, იგივენაირად მყარი, 2,8 მიკრომეტრის სისქის ფენით, რომელიც; პროცესს 48 საათი დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კბილის ბუნებრივი ემალის სრულ ფენაზე ასობით თხელია, ჯგუფი ფიქრობს, რომ მათი CPIC ხსნარის მრავალგზისმა საფარმა შეიძლება ეფექტიანად გაასქელოს ხელოვნური ემალი, მასალის შემდგომმა დახვეწამ კი შეიძლება მისი სისქეც გაზარდოს.
კვლევის ავტორის, ბიოქიმიკოს ზაომინგ ლიუს განცხადებით, მათ მიერ ხელახლა აღდგენილ ემალს იგივე სტრუქტურა და მექანიკური მახასიათებლები აქვს, რაც ბუნებრივ ემალს.
მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ შეძლებენ კბილის ემალის ხელახლა ზრდას დასაპლომბი მასალის გამოყენების გარეშე, რომელიც სრულიად სხვა ნივთიერებებს შეიცავს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ლიუ იმედოვნებს, რომ კლინიკური ცდები ადამიანებზე 2-3 წელიწადში დაიწყება.
ამჟამად საჭიროა ჯგუფმა დაამტკიცოს, რომ მათი მასალა უსაფრთხოა. განსაკუთრებული ეჭვი არსებობს ტრიეთილამინის ტოქსიკურობაზე, რომელიც ნაერთის სტაბილიზებისთვის არის გამოყენებული.
მკვლევართა განცხადებით, მათი მასალა პროცესის დროს ეთანოლის სახით ორთქლდება, შესაბამისად, არ ფლობს რისკს. ცდები ამჟამად თაგვებზე მიმდინარეობს.
ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რამდენიმე წელი გვაშორებს იმ მომენტს, სანამ ეს ნივთიერება კლინიკურ გამოყენებაში დაინერგება.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია South China Morning Post-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.