7 წლის ბიჭს სტომატოლოგებმა პირის ღრუდან 500-ზე მეტი კბილი ამოუღეს
7 წლის ბიჭს სტომატოლოგებმა პირის ღრუდან 500-ზე მეტი კბილი ამოუღეს

2019 წლის ივლისის დასაწყისში, ინდოეთში 7 წლის ბიჭს სტომატოლოგებმა პირის ღრუდან 500-ზე მეტი კბილი ამოუღეს. ამის შესახებ New Indian Express-ი იუწყება. 11 ივლისს, პ. რავინდრანი ქალაქ ჩენაის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც მას გასიებული ქვედა ყბის მკურნალობა დაუწყეს.

„ერთ ადგილას ამდენი კბილი არასოდეს გვინახავს“, — განუცხადა Times of India-ს პროფესორმა პრატიბჰა რამანიმ.

რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევებისას, სტომატოლოგებმა ბიჭის პირის ღრუში გამოავლინეს „ჩანთის მსგავსი“ სტრუქტურა, რომელიც 526 კბილს შეიცავდა. ამ მდგომარეობას მედიცინაში რთული შემადგენლობის ოდონტომას უწოდებენ.

პროფესორ პ. სენთილანტანის განცხადებით, სიმსივნის მსგავსმა წანაზარდმა ბიჭის პირის ღრუში ხელი შეუშალა მუდმივი დიდი კბილების ზრდას დაზიანებულ ნაწილში. რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევებისას, ჩანთის მსგავს ქსოვილში გამოჩნდა მრავალი განუვითარებელი კბილი.

ექიმების გადაწყვეტილებით, ამ უიშვიათესი შემთხვევის სამკურნალოდ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა. მშობლებმა ოპერაციაზე დაუყოვნებლივ განაცხადეს თანხმობა, მაგრამ ბიჭის დარწმუნებას რამდენიმე საათი დასჭირდა.

ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდა და საათ-ნახევრის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 526 კბილის ამოსაღებად ქირურგებს ხუთი საათი დასჭირდათ.

სტმატოლოგთა განცხადებით, კბილების ზომა სხვადასხვა იყო, დაწყებული 0,1 მილიმეტრით, 15 მმ-ით დამთავრებული.

„ისინი მოლუსკში ჩაწყობილ მარგალიტებს ჰგავდა. ყველაზე პატარა კბილებსაც კი ჰქონდა საკუთარი გვირგვინი, ფესვი და ემალი“, — ამბობს სენთილანტანი.

ბიჭს ამჟამად 21 კბილი აქვს. ბავშვების უმეტესობას 20 კბილი აქვს, ზრდასრულ ადამიანს კი 32.

ექიმების განცხადებით, ბიჭის მდგომარეობაზე შეიძლება გავლენა მოახდინა გენეტიკამ, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარემომაც. ამჟამად ისინი ცდილობენ გაარკვიონ, იქონია თუ არა გავლენა მობილური სატელეფონო კავშირის ანძების რადიაციამ.

სტომატოლოგთა პროგნოზით, 16 წლის ასაკიდან ბიჭს შესაძლოა, კბილების იმპლანტები დასჭირდეს.