მეცნიერებმა მარიხუანას მოწევასა და სათესლე ჯირკვლების კიბოს შორის კავშირი აღმოაჩინეს
აღმოჩენილია ახალი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ მარიხუანას ყოველდღიური მოწევა სათესლე ჯირკვლების კიბოს რისკს ზრდის.
სამეცნიერო ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც 10 ან მეტი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მარიხუანას ერთ ღერ სიგარეტს ან ერთ „ჯოინთს“ ეწევიან, 36 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ სათესლე ჯირკვლების კიბო განუვითარდეთ, ვიდრე ის კაცები, რომლებსაც ეს სუბსტანცია არასოდეს მოუწევიათ.
ამ დასკვნამდე მკვლევრები 25 სხვადასხვა კვლევის ანალიზის შემდეგ მივიდნენ. აღნიშნული ნაშრომები იკვლევდა კავშირს მარიხუანას მოხმარებასა და სათესლე ჯირკვლების, ფილტვების, პირის ღრუს, თავისა და ყელის კიბოებს შორის.
მკვლევრებმა ვერ იპოვეს კავშირი მარიხუანას რეგულარულ მოხმარებასა და ფილტვების, ყელისა და პირის ღრუს კიბოებს შორის, მაგრამ დაადგინეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში კანაფის რეგულარულად მოწევა მამაკაცებში შეიძლება ზრდიდეს სათესლე ჯირკვლების კიბოს რისკს.
სიგარეტის მოწევის მსგავსად, მარიხუანას მოწევის დროსაც გამოიყოფა კანცეროგენები, ანუ ნივთიერებები, რომლებიც ადამიანებში კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კანაფის კვლევის ცენტრის დირექტორის, დოქტორ ჯეფრი ჩენის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი სხვა მცენარის მსგავსად, მოწევისას კანაფიც ბოლს გამოყოფს.
„ნებისმიერი მცენარის წვისას, გამოიყოფა საკმაოდ დიდი ოდენობით კანცეროგენი“, — ამბობს იგი.
მკვლევართა ჯგუფმა ვერ დაადგინა, რატომ აჩვენა მათმა მეტა-ანალიზმა კავშირი მარიხუანას მოწევასა და სათესლე ჯირკვლებს შორის, მაგრამ ასეთ კავშირს ვერ მიაგნო მათ მიერ შესწავლილ სამ სხვა კიბოსთან.
თუმცა, როგორც ისინი შენიშნავენ, ასეთი დასკვნის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ თითოეული კვლევისას შესწავლილი არ იყო მრავალფეროვანი მოსახლეობა. მაგალითად, მეტა-ანალიზი მოიცავდა მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ კვლევებს და შესაბამისად, ანალიზს მიღმა შეიძლება დარჩა მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.
გარდა ამისა, ეს კვლევები 1973-2018 წლებს შორის არის გამოქვეყნებული და მათგან ყველაზე ძველი კვლევები შეიძლება სულაც ვერ ასახავს ახლანდელ ადამიანთა მარიხუანას მოხმარების ჩვევებს. და რა თქმა უნდა, კვლევას არ შეუძლია დაამტკიცოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი კვლევა გარკვეულ ცნობებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მამაკაცებზე მარიხუანას გრძელვადიანმა მოხმარებამ და მოწევის ახალმა, ჯერ შეუსწავლელმა მეთოდებმა.
როგორც მკვლევრები წერენ, გამომდინარე იქიდან, რომ მარიხუანა სულ უფრო ბევრ ქვეყანაში ხდება ლეგალიზებული, მის მოწევას უფრო და უფრო ბევრი ადამიანი იწყებს და უმნიშვნელოვანესია, კარგად შევისწავლოთ ამ სუბსტანციის გავლენა ჯანმრთელობაზე.
აშშ-ის უიშვიათეს დაავადებათა ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, სათესლე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში დაფიქსირებული კიბოების მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს და ყველაზე ხშირად გვხვდება 15-დან 35 წლამდე კაცებში. ყოველწლიურად, აშშ-ში ამ დაავადების დიაგნოზს 8850 მამაკაცს უსვამენ.
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, სათესლე ჯირკვლების კიბოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მკვრივი, უმტკივნეულო შებერილობები სათესლე ჯირკვლებზე, რაც სიმსივნურ შესიებას წარმოადგენს. კიბოს ნიშანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ჯირკვლის შეშუპებაც.
სხვა სიმპტომებს შორის არის ტკივილი მუცელში ან სათესლე პარკის მიდამოებში, ღებინება, წონის კლება და სუნთქვის გართულება.
აშშ-ის უიშვიათეს დაავადებათა ეროვნული ორგანიზაციის ცნობით, სათესლე ჯირკვლების კიბო წარმოადგენს კიბოს ერთ-ერთ ყველაზე განკურნებად ფორმას. როგორც წესი, მისგან განკურნება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გზით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საჭირო ხდება დასხივება ან ქიმიოთერაპია.
კვლევა ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.