მეცნიერებმა გამოავლინეს ღვთაება, რომელიც უძველეს ქალაქ პალმირას წარწერებში „სამყაროს მბრძანებლად“ მოიხსენიება — #1tvმეცნიერება
თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ქალაქ პალმირაში, ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული უცნობი ღვთაების იდენტიფიცირებას მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ. თუმცა, ამჯერად, ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ის გაშიფრა.
პალმირა ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა და განსაკუთრებით ყვაოდა დაახლოებით 2000 წლის წინ, როგორც ვაჭრობის ცენტრი, რომელიც რომის იმპერიას აზიის სავაჭრო გზებთან, მაგალითად, აბრეშუმის გზასთან აერთებდა.
უცნობი ღვთაება პალმირაში მრავალ არამეულ წარწერაშია მოხსენიებული, სხვადასხვაგვარად; მაგალითად, „ის, ვისი სახელიც კურთხეულია მარადიულად“, „სამყაროს მბრძანებელი“ და „გულმოწყალე“. ამ წარწერების უმეტესობა დაახლოებით 2000 წლის წინანდელია.
ამ საიდუმლოს ამოსახსნელად, პოლონეთის ქალაქ ვროცლავის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალექსანდრა კუბიაკ-შნაიდერმა, პალმირას წარწერები მესოპოტამიის მასშტაბით სხვა ადგილებში აღმოჩენილ, ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებულ წარწერებს შეადარა. შედეგად დაადგინა, რომ ღვთაებები, რომლებსაც მესოპოტამიაში ადიდებდნენ, ისეთივე სახელებით იყო მოხსენიებული, როგორც პალმირას წარწერების უცნობი ღვთაება.
„მაგალითად, „ბელ-მურდუკი“, ბაბილონის უზენაესი ღმერთი ასევე მოხსენიებულია როგორც „გულმოწყალე“. ფრაზა „მსოფლიოს მბრძანებელი“ — სტატუს „სამყაროს მბრძანებლის“ მსგავსია და ხშირად ასე მოიხსენიებდნენ ცის ღმერთ ბაალშამინს“, — ამბობს კუბიაკ-შნაიდერი გამოცემა Science in Poland-თან საუბრისას.
მისი განცხადებით, პალმირას წარწერებში მოხსენიებული უცნობი „ღმერთი“ ერთ ღმერთს კი არ აღნიშნავს, არამედ მრავალ სხვადასხვა ღვთაებას, მათ შორის ბელ-მურდუკსა და ბაალშამინს. მისივე თქმით, ხალხი ღვთაებათა სახელს პატივისცემის ნიშნავს არ იხსენიებდა.
ამას გარდა, როდესაც ადამიანები ღმერთის მოწოდების აღმნიშვნელ წარწერებს აკეთებდნენ, კონკრეტულ ღვთაებას კი არ მიმართავდნენ, არამედ ნებისმიერ ღმერთს, რომელიც მათ ლოცვას შეისმენდა.
„საქმე ერთ ანონიმურ ღმერთთან კი არ გვაქვს, არამედ ყოველი ღმერთი, რომელიც ისმენდა თხოვნებს, იმსახურებდა მარადიულ დიდებას“, — ამბობს მკვლევარი.
სხვა მეცნიერები, რომლებიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილან, საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან და აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე სამეცნიერო დისკუსია უნდა გაიმართოს.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.