მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ უჭირავთ დელფინებს პირში ანაკონდა — შესაძლო მიზეზები საკმაოდ უცნაურია #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ უჭირავთ დელფინებს პირში ანაკონდა — შესაძლო მიზეზები საკმაოდ უცნაურია #1tvმეცნიერება

ჩვენ გარეშემო ბუნება უსასრულოდ შთამაგონებელი და მომაჯადოებელია, ხშირად კი ძლიერ უცნაურიც. ამის მაგალითია მკვლევართა მიერ გადაღებული ფოტო ბოლივიაში, რომელშიც ჩანს, როგორ უჭირავთ მდინარის დელფინებს პირში ანაკონდა ბენი.

მდინარის დელფინები იშვიათი სანახავი არსებებია და მათთვის საკმაოდ უჩვეულოა, რომ წყლიდან თავი ძალიან მაღლა ჰქონდეთ ამოყოფილი, რომ აღარაფერი ვთქვათ მტაცებელ გველზე, რომელიც ყბებში აქვთ მოქცეული.

უცნობია, ზუსტად რა ხდება ამ სცენაში, მაგრამ დელფინები და ვეშაპისნაირები ზოგადად ცნობილი არიან მხიარული აქტივობებით, რომლებშიც სხვა ცხოველებიც შეიძლება მონაწილეობდნენ, საკუთარი ნებით ან სხვაგვარად.

ფოტო 2021 წლის აგვისტოშია გადაღებული ბოლივიაში, მდინარე ტიხამუჩის სიახლოვეს. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ დელფინების ჯგუფი წყალს ზემოთ ამოწეული ჩვეულებრივზე დიდხანს ჩერდებოდა, მაგრამ მხოლოდ სურათების დათვალიერების შემდეგ მიხვდნენ, რა ხდებოდა იქ სინამდვილეში.

„პირველივე ფოტოების შემოწმებისას მივხვდით, რომ დელფინებს გველი ეჭირათ. ძნელია იმის თქმა, რამდენი დელფინი შედიოდა ჯგუფში, მაგრამ იქ სულ მცირე ექვსი იყო. აშკარა გახდა, რომ ისინი გველთან უფრო თამაშობდნენ, ვიდრე შეჭმას ცდილობდნენ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში, რომელშიც საკუთარ დაკვირვებას აღწერენ.

დელფინები,ანაკონდა

დელფინები გველთან ცოტა უჩვეულოდ ურთიერთობენ, ხანდახან ერთად, სინქრონულად ცურავდნენ, მაგრამ უმეტესად ერთ ზონაში იყვნენ გაჩერებული. მკვლევრები სცენას შვიდი წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

დელფინებს შორის ასეთი ურთიერთქმედება იშვიათია და როგორც მკვლევრები ამბობენ, არ არის გამორიცხული, ისინი ერთმანეთს გველის შესახებ ასწავლიდნენ ან სულაც მასთან კი არ თამაშობდნენ, არამედ ჭამდნენ. კიდევ ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ თამაშის ეს აქტივობა რეალურად სექსუალური ხასიათისაა.

„ამის შემდეგ, ფოტოებზე შევძელით იმის დაკვირვებაც, რომ ზრდასრული მამრი დელფინები ანაკონდასთან თამაშის დროს სექსუალურად აღგზნებული იყვნენ. სცენაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდებიც და ისე ჩანდა, რომ ზრდასრულები მათ გველს აჩვენებდნენ“, — წერენ მკვლევრები.

ანაკონდა ბენი (Eunectes beniensis) სიგრძეში 2 მეტრამდე იზრდება და იმავე რეგიონში ბინადრობს, სადაც ბოლივიური მდინარის დელფინები (Inia geoffrensis boliviensis): კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლივიაში, ამაზონის ტროპიკული ტყის მონაკვეთში.

მდინარის დელფინებზე დაკვირვება რთულია, რადგან მდინარეები იქ ამღვრეულია და ძნელად სანავიგაციოა, ვიდრე ოკეანე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია დეტალები, რა შეიძლება ხდებოდეს ამ კონკრეტულ სცენაზე, ინფორმაცია მაინც მნიშვნელოვანია იმაზე წარმოდგენის შესაქმნელად, რაში ხარჯავენ ეს არსებები დროის გარკვეულ ნაწილს. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს დელფინები გადაშენების წინაშე არიან.

სამწუხაროდ, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სცენა გველისთვის კარგად არ დასრულებულიყო. ურთიერთქმედების დროს ის უძრავადაა და წყალქვეშ დიდხანს უწევს გაჩერება, რაც მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ გველი მოკვდებოდა.

„ვფიქრობ, ამ გველს კარგი დღე არ ადგა“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ბოლივიის ბუნების ისტორიის მუზეუმის ბიოლოგი შტეფენ რაიხლი.

კვლევა ჟურნალ Ecology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.