მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან არამწეველ ადამიანებში. თუმცა, ახალი კვლევა აღწერს ერთ მექანიზმს, რომელმაც შეიძლება ამის მიზეზი ახსნას; აღმოჩენას მკვლევრებმა უკვე უწოდეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის“.
კვლევა წარმოაჩენს ჯანმრთელობისადმი იმ რისკს, რასაც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ციცქნა ნაწილაკები ფლობს და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს სასწრაფო მოქმედებებისკენ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
კვლევის ავტორის, გაერთიანებული სამეფოს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერის, ჩარლზ სვანტონის განცხადებით, შედეგებმა შეიძლება გზა გაუხსნას კიბოს პრევენციის ახალ მიმართულებას.
კვლევა, რომელიც ჯერ რეზენცირებული არ არის, სვანტონმა პარიზში, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინა.
„დიდი ხანია ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცოდით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ იწვევს თუ არა ფილტვის კიბოს ან როგორ“, — ამბობს სვანტონი.
ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ კანცეროგენების ზემოქმედება, მაგალითად, სიგარეტის მოწევა ან ჰაერის დაბინძურება, იწვევს დნმ-ის მუტაციებს, რომლებიც შემდეგ კიბოდ გადაიქცევა.
თუმცა, სვანტონის განცხადებით, ამ მოდელს თან ახლდა „მოუხერხებელი სიმართლე“ — წინა კვლევები აჩვენებდა, რომ დნმ-ის მუტაციები შეიძლება არსებობდეს კიბოს გამოწვევის გარეშე და ასევე, გარემოში არსებულ კანცეროგენთა დიდი ნაწილი მუტაციებს არ იწვევს.
მისი კვლევა განსხვავებულ მოდელზე მიუთითებს.
კიბოს მომავალი აბი?
ფრენსის კრიკის ინსტიტუტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 460 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები ინგლისიდან, სამხრეთ კორეიდან და ტაივანიდან.
დაადგინეს, რომ დამაბინძურებელი ნაწილაკის, სახელად PM2.5-ის ზემოქმედება ზრდის EGFR გენის მუტაციის რისკს. PM2.5 ნაწილაკების სიგანე 2,5 მიკრონზე ნაკლებია.
ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებული კვლევებით, ჯგუფმა აჩვენა, რომ ეს ნაწილაკები ცვლილებებს იწვევს EGFR და KRAS გენებში — ორივე ეს გენი დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან.
ამის შემდეგ, ანალიზები ჩაუტარეს დაახლოებით 250 ისეთი ადამიანის ფილტვის ქსოვილის ნიმუშებს, რომლებსაც არასოდეს განუცდიათ მოწევის ან ჰაერის მძიმე დაბინძურების კანცეროგენების ზემოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილტვები ჯანმრთელი იყო, დნმ-ის მუტაციები აღმოჩნდა EGFR გენების 18 პროცენტში და KRAS გენების 33 პროცენტში.
„ისინი უბრალოდ იქ არიან მოთავსებული და ეს მუტაციები ასაკთან ერთად იზრდება. თავის მხრივ, ისინი სავარაუდოდ არასაკმარისია, რომ კიბო გამოიწვიონ“, — ამბობს სვანტონი.
თუმცა, მისივე თქმით, როდესაც უჯრედზე ჰაერის დაბინძურება ზემოქმედებს, შეიძლება გამოიწვიოს „ჭრილობის შეხორცების რეაქცია“, რაც ანთებას იწვევს.
და თუ უჯრედს მუტაციაც აქვს, შემდეგ ის კიბოს წარმოქმნის.
„წარმოვადგინეთ ამის უკან არსებული ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც აქამდე უცნობი იყო“, — დასძენს სვანტონი.
თაგვებზე ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტში, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ანტისხეულებმა შეიძლება დაბლოკოს მედიატორი — სახელად ინტერლეიკინ 1 ბეტა — რომელიც ანთებას იწვევს; შედეგად, იმთავითვე აჩერებს კიბოს დაწყებას.
სვანტონი იმედოვნებს, რომ ეს აღმოჩენა სამომავლოდ ნოყიერ ნიადაგს მოამზადებს კიბოს შესაძლო მოლეკულური პრევენციისთვის, რომელშიც ადამიანებს შესთავაზებენ სავარაუდოდ ყოველდღიურ აბს კიბოს რისკის შესამცირებლად.
რევოლუციური
საფრანგეთის გუსტავ რუსის სახელობის კიბოს პრევენციის პროგრამის ხელმძღვანელი, სუზეტ დელალოჟი აღნიშნავს, რომ ეს კვლევა ფრიად რევოლუციურია, რადგან აქამდე პრაქტიკულად არასოდეს მომხდარა კიბოს წარმოქმნის ალ ალტერნატიული გზის დემონსტრირება.
„ეს კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეცნიერებაში და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვისაც. გვიხსნის უზარმაზარ კარს არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ კიბოს განვითარების პრევენციის ახალ გზებშიც“, — ამბობს დელალოჟი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ შედეგები კონფერენციაზე განიხილა.
მისივე განცხადებით, დემონსტრირების ასეთმა დონემ ხელისუფლებები უნდა აიძულოს, რომ იმოქმედონ საერთაშორისო მასშტაბით.
ჰონგ-კონგი ჩინური უნივერსიტეტის ონკოლოგი ტონი მოკი ახალ კვლევას ამაღელვებელს უწოდებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლებელი უნდა გახდეს ფილტვების სკანირება კიბოსწინა დაზიანებების მოსაძებნად, რათა ვცადოთ მათი უკუქცევა ისეთი მედიკამენტებით, როგორიც არის ინტერლეიკინ 1 ბეტა ინჰიბტორები“, — ამბობს მოკი.
სვანტონი ჰაერის დაბინძურებას „ფარულ მკვლელს“ უწოდებს და იშველიებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილთან — დაახლოებით იმდენივესთან, რამდენთანაც თამბაქოს მოწევა.
კიდევ ერთი კვლევა ნაწილაკ PM2.5-ს აკავშირებს ყოველწლიურად 250 000 ადამიანის სიკვდილთან მხოლოდ ფილტვის კიბოთი.
„მე და თქვენ გვაქვს არჩევანი, მოვწიოთ თუ არა, მაგრამ არ გვაქვს არჩევანი, ვისუნთქოთ თუ არა ჰაერი“, — ამბობს სვანტონი, რომელიც ბრიტანეთის კიბოს კვლევის პროგრამის უფროსი კლინიცისტიც არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერის დაბინძურების არაჯანსაღი დონე იმაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტ ადამიანზე ზემოქმედებს, ვიდრე თამბაქო, შეგვიძლია ეს საკმაოდ დიდ გლობალურ პრობლემად აღვიქვათ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია გავუმკლავდეთ, თუ ვაღიარებთ ნამდვილად დახვეწილ კავშირებს კლიმატის სიჯანსაღესა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის“, — აღნიშნავს ჩარლზ სვანტონი.
მომზადებულია CNN-ის და AFP-ის მიხედვით.