მეცნიერებმა ციმბირის ნიადაგში 48 500 წლის წინ გაყინული ვირუსი გააცოცხლეს — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს დათბობასთან ერთად, დნება გაყინული ნიადაგების დიდი ნაწილი, რის შედეგადაც გამოთავისუფლდება წლების განმავლობაში ყინულში ჩაჭედილი მასალები. მათ შორის არის დიდი ოდენობით მიკრობი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, ასობით ათასი წლის განმავლობაში იყვნენ მიძინებული.
ასეთი მიკრობების შესასწავლად, მეცნიერებმა ციმბირის გაყინულ ნიადაგებში (მრავალწლოვანი მზრალობა) აღმოჩენილი რამდენიმე ასეთი „ზომბი ვირუსი“ გააცოცხლეს; მათ შორის ერთი სავარაუდოდ 50 000 წლის წინანდელია, რაც რეკორდული ასაკია გაყინული ვირუსისთვის, რომელიც ისეთ მდგომარეობას დაუბრუნდა, რომ სხვა ორგანიზმის ინფიცირება შეუძლია.
მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის მიკრობიოლოგი ჟან-მარი ალემპიკი ხელმძღვანელობდა, აღნიშნავს, რომ ასეთი ვირუსებისთვის სიცოცხლის დაბრუნება პოტენციურად მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის და დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა შეფასდეს ის საფრთხე, რომელსაც შეიძლება ეს ინფექციური აგენტები ფლობდნენ, როდესაც ისინი ყინულებისგან თავისუფლდებიან და იღვიძებენ.
„ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ერთი-მეოთხედი მუდმივად გაყინულ მიწას წარმოადგენს, რასაც მრავალწლოვან მზრალობას უწოდებენ. კლიმატის დათბობის გამო, გაყინული ნიადაგების შეუქცევადი დნობა გამოათავისუფლებს მილიონობით წლის განმავლობაში გაყინულ მასალებს, რომელთა უმეტესობაც ნახშირორჟანგად და მეთანად იშლება და კიდევ უფრო აძლიერებს სათბურის ეფექტს“, — წერს ჯგუფი პუბლიკაციაში.
48 500 წლის წინანდელი ამება ვირუსი ერთ-ერთია ახალ კვლევაში შესწავლილი 13 ვირუსიდან; ცხრა მათგანი სავარაუდოდ ათობით ათასი წლის წინანდელია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თითოეული მათგანი ყველა სხვა ცნობილი ვირუსისგან განსხვავდება გენომის თვალსაზრისით.
ეს რეკორდული ვირუსი ტბის ქვეშ აღმოაჩინეს, ზოგიც გაყინულ ნიადაგში ჩამარხული მამონტის ბეწვში, ციმბირული მგლის ნაწლავებში. ცოცხალი ერთუჯრედიანი ამების კულტურების გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ვირუსებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომ ინფექციური პათოგენები იყვნენ.
მსოფლიოს დათბობასთან ერთად, გარემოში თავისუფლდება ძალიან დიდი ოდენობით ბაქტერიაც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ანტიბიოტიკები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ახალი ვირუსი, COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუს SARS-CoV-2-ის მსგავსად, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება გაცილებით პრობლემური გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არქტიკა სულ უფრო დასახლებული ხდება.
„სიტუაცია შეიძლება გაცილებით დამღუპველი გახდეს, თუკი გამოჩნდება უძველესი უცნობი ვირუსის მიერ გამოწვეული მცენარის, ცხოველის ან ადამიანის დაავადება. ამიტომ, ლეგიტიმურია ვიფიქროთ ძველი ვირუსული ნაწილაკების ინფექციურობის რისკზე და ცირკულირებაში დაბრუნებაზე უძველესი გაყინული ნიადაგის შრეების დნობის შედეგად“, — წერს ჯგუფი.
ჯგუფს ციმბირში ვირუსების გულმოდგინე თხრისთვის სპეციალური ფორმა აქვს; წინა კვლევაში აღმოაჩინეს 30 000 წლის წინანდელი ვირუსი. ახალი რეკორდსმენის მსგავსად, ისიც პანდორავირუსი იყო, თანაც იმხელა, რომ ჩანდა სინათლის მიკროსკოპის ქვეშაც.
გაცოცხლებულ ვირუსს Pandoravirus yedoma უწოდეს. მკვლევართა განცხადებით, აღმოსაჩენი კიდევ ბევრი ვირუსია, ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ამებას არ იღებენ მიზანში.
ყინულების დნობასთან ერთად გამოთავისუფლებული მრავალი ვირუსი ჩვენთვის სრულიად უცნობი იქნება, მაგრამ ასევე უცნობია, რამდენად ინფექციურები იქნებიან ისინი მას შემდეგ, რაც მზის სინათლეს, სითბოსა და ჟანგბადს ნახავენ. ეს ყველაფერი სამომავლო კვლევათა საგანია.
სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ერიკ დელვარტი ეთანხმება იმ აზრს, რომ ეს გიგანტური ვირუსები ჯერ მხოლოდ დასაწყისია, როდესაც საქმე ეხება გაყინული ნიადაგის ქვეშ დამალულ ვირუსებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, დიდი გამოცდილება აქვს მცენარეთა უძველესი ვირუსების გაცოცხლებაში.
„თუ ავტორებმა უძველესი გაყინული მიწიდან ცოცხალი ვირუსი მართლაც გამოაცალკევეს, სავარაუდოა, რომ ათეულობით ათასი წლის განმავლობაში ასევე გადარჩებოდა კიდევ უფრო პატარა, ძუძუმწოვართა მარტივი ვირუსები“, — აღნიშნავს დელვარტი.
კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე bioRxiv.
მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.