მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, 56 საერთაშორისო მეცნიერ-მკვლევარმა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე პრემიერ-მინისტრს მიმართა
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 56 საერთაშორისო მეცნიერ-მკვლევარმა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა.
მათივე ცნობით, წერილს ხელს აწერს 56 საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რანგის მეცნიერი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წლებია, თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან.
„მათ დიდი წვლილი მოუძღვით ქართული მეცნიერების განვითარებაში და შესაბამისად, მათთვის გულდასაწაყვეტია, როდესაც მათი ქართველი კოლეგების დიდი ნაწილი, რომლებთანაც ერთად მნიშვნელოვანი კვლევები და აღმოჩენები ხორციელდებოდა, არამხოლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, არამედ სრულად შეუზღუდეს სამეცნიერო საქმიანობა, დაარღვიეს მათი შრომითი და სხვა საბაზისო უფლებები, მუზეუმს ჩამოაშორეს სამეცნიერო კომპონენტი და წლობით მიმდინარე კვლევები ჩაშალეს ან ჩაშლის პირას მიიყვანეს. ამით მათ შეამცირეს საერთაშორისო ფონდებიდან თანხების მოზიდვის ალბათობა. ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის მცდარობას და დესტრუქციულობას“, – აცხადებენ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში.
პროფავშირში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს უკვე მეორე საჯარო წერილია საქართველოს პრემიერისადმი საერთაშორისო სამეცნიერო წრეებიდან.
„ამავდროულად აღსანიშნავია ქართველი მეცნიერების რამდენიმე მსგავსი წერილი. ასევე, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კილტურის პროფკავშირის წერილი პრემიერისადმი. ჩვენ ასევე მივმართეთ სხვა ევროპულ ინსტიტუციებს, რომლებიც ქართული მეცნიერების განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ქვეყანას, ევროკომისიდან მივიღეთ წერილი, გვეცადა დამატებით მოლაპარაკებები, თუმცა წულუკიანის უწყება დუმს, მიუხედავად ათეულობით თხოვნისა და მოთხოვნისა არ გვესაუბრება და მეტიც, არღვევს კანონს მედიაციის შესახებ, რომელზეც პროფკავშირმა შეიტანა საჩივარი შრომის ინსპექტორთან, საჩივარი განხილვის ეტაპზეა“, – აღნიშნულია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციაში.