მეცნიერები ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგის პირველ აეროკადრებს აქვეყნებენ — #1tvმეცნიერება
მეცნიერები ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგის პირველ აეროკადრებს აქვეყნებენ — #1tvმეცნიერება

იანვარში, ანტარქტიდის შელფურ მყინვარს მასიური აისბერგი მოსწყდა; მეცნიერები მის პირველ აეროკადრებს აქვეყნებენ.

აისბერგი, სახელად A81, დაახლოებით ლონდონის აგლომერაციის ზომისაა და ანტარქტიდის ბრანტის შელფურ მყინვარს პირველი ნაპრალების გამოჩენიდან თითქმის ათი წლის შემდეგ მოსწყდა, შემდეგ კი უედელის ზღვაში მოტივტივე სხვა მყინვარულ ფრაგმენტებს შეუერთდა. ის ბოლო ორ წელში მოწყვეტილი მეორე გიგანტური აისბერგია; მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ამ ყინულოვანი ლანდშაფტის ბუნებრივი პროცესია, მაინც შეიძლება გამოიწვიოს დიდი არეულობა მის შემოგარენში.

„ამ ზომის აისბერგს დიდი გავლენა ექნება ოკეანის ეკოსისტემაზე, რომელიც იქ განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ეს გავლენები შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც“, — განმარტავს ეკოლოგი გერეინ ტარლინგი.

დინამიკური აეროკადრები ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამის (BAS) ფარგლებში გადაიღეს და ასახავს, რამდენად დიდია ყინულის ეს ნაჭერი; ის მაღლიდანაც კი უსასრულოს ჰგავს. რასაც კადრებში ვხედავთ, აისბერგის მასის მხოლოდ მცირე მონაკვეთია. ქვედა ნაწილი წყალში ასობით მეტრზეა ჩაძირული.

2016 წელს, უსაფრთხოების მიზნით, BAS-მა მთლიანი კვლევითი სადგური სხვა ადგილას, 23 კილომეტრის მოშორებით გადაიტანა. მიზეზი ის იყო, რომ მაღალი სიზუსტის GPS ინსტრუმენტებმა და თანამგზავრულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ბრანტის შელფურ მყინვარზე ნაპრალი ფართოვდებოდა.

აისბერგი A81 ახლა მოწყვეტის ადგილიდან 150 კილომეტრის მოშორებით ტივტივებს. ამ ზომის აისბერგები საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ადამიანთა საქმიანობისთვის, არამედ გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკოლოგიაზეც.

„დნობისას, აისბერგი გამოყოფს დიდი ოდენობით საკვებ ნივთიერებებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მიკროსკოპულ წყალმცენარეთა ზრდას, რომლებიც ოკეანის კვების ჯაჭვის სათავეში იმყოფებიან“, — ამბობს ტარლინგი.

BAS-ის ჯგუფი რეგიონის ამ და სხვა აისბერგებზე დაკვირვებებს განაგრძობს. მათ შორის არის A76a-ც. მისი ფართობი 3200 კვადრატული კილომეტრია და ამჟამად უდიდესი მოტივტივე აისბერგია დედამიწაზე; ზომით ის A81-ზე ორჯერ დიდია.

მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.