მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა მთავრობას წერილით მიმართა
მეცხვარეთა ასოციაცია მთავრობას წერილით მიმართავს. საქმე ეხება საცხვრე ტრასებზე შექმნილ პრობლემას, რომლის გამოც, ფერმერებს პირუტყვის გადარეკვა უჭირთ.
როგორც მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა განაცხადა, ბოლო ასეთი შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა, სადაც მეცხვარეებს გზის კონკრეტული მონაკვეთის გავლის სანაცვლოდ, გადასახადის გადახდა მოსთხოვეს.
მისივე თქმით, მეცხვარეები შესაბამის სამსახურებს სთხოვენ, საკითხით დაინტერესება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სფეროს, რომელიც 10 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, პრობლემები ექმნება.
„პირუტყვის გადასარეკი ტრასები არის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გვქონდა არაერთი შეხვედრაც, ბევრი დარეგისტრირდა კიდეც, თუმცა ამას სჭირდება საბოლოოდ დასრულება. დასრულებაში იგულისხმება ის, რომ არის რამდენიმე გადაფარვის წერტილი, სხვადასხვა ადგილას 100-ზე მეტი, რომელიც ადრე იყო რეალიზებული, გაყიდული და ა.შ. არის კონფლიქტები. ამ კონფლიქტებს სჭირდება მოგვარება, დარეგულირება, ზოგან მონაცვლეობა არის საჭირო. თუ როგორ არის გასაკეთებელი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს, ანუ სახელმწიფოს საქმე. შემდეგ უკვე უნდა მოხდეს დემარკაცია. მეცხვარე გადარეკვის პერიოდში ვერ დაიწყებს საკადასტრო რუკებით სიარულს. ამ წუთას რა კონფლიქტიც არის, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ სამუშაოები არ არის შესრულებული.
გადარეკვა წელიწადში დაახლოებით 2-ჯერ ხდება. ეს არის დაახლოებით მილიონზე მეტი ცხვარი და 200-დან 250 ათასამდე მსხვილფეხა რქოსანი, პირუტყვის დიდი რაოდენობა, რომელსაც გასავლელი აქვს 100-დან, ზოგს 350 კილომეტრიც კი. ამასობაში ხდება ძალიან დიდი კონფლიქტები. ხანდახან შეიძლება, ისე მოხდეს, მივცეთ ერთი ცხვარი, ან ხანდახან შეიძლება, ცემა-ტყეპაში გადაიზარდოს. ამიტომ, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვითხოვთ სახელწიფოსგან ამ საკითხის მოგვარებას. მხოლოდ მას შეუძლია მოგვარება, მიწა უკან დაიბრუნოს და მეცხვარეებს მოგვცეს სასიარულო გზა“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.