მეცხრე მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებები - თამბაქოზე შეზღუდვები 2018 წლიდან ამოქმედდება
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია და 486 კანონპროექტი დაამტკიცა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს 2018 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასა და დაგროვებით პენსიას ეხება.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ 56 პლენარული და რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც მიღებული 486 კანონპროექტიდან მთავრობის მიერ წარდგენილი 366 პროექტი იყო, 120 ინიციატივა კი, დეპუტატებმა და კომიტეტებმა მოამზადეს.
საპარლამენტო უმრავლესობა 2017 წლის მთავარ მიღწევად ახალი კონსტიტუციის მიღებას მიიჩნევს, თუმცა არანაკლებ ხმაურიანი გამოდგა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომელიც გუგული მაღრაძემ მოამზადა.
აღნიშნული ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა როგორც უმრავლესობის ნაწილი, ასევე ოპოზიციური სპექტრი, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის მხარდაჭერით ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, შეზღუდვები დაწესდა თამბაქოს მოხმარებაზე და მეორე მხრივ, კანონდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ – ფულადი ჯარიმები განისაზღვრა.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება იკრძალება – ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს. ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსსა და სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია აქვს.
კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილზე, თუ ეს საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის, პენიტენციურ დაწესებულებაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავებისი ზოლატორში. ამასთანავე, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც ცალკე სავენტილაციო სისტემა უნდა ჰქონდეს, თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს.
მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს როგორც სიგარაბარებისთვის ლიცენზიების გაცემას, ასევე თამბაქოს კონტროლზე პიქტოგრამების დადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფულადი სანქციები, რომელიც სხვადასხვა ქმედებისთვის ჯარიმას 20 ლარიდან 10 000 ლარამდე ითვალისწინებს.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოში ცხარე კამათის საფუძველი გახდა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. ამ შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქების წინააღმდეგი მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან, რომელთა შორის ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი და „კონსერვატორები“ მოიაზრებიან. მოწინააღმდეგეები საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად 90-იანი წლების გამოცდილებას ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქართველოში ლიბერალურმა პოლიტიკამ ნარკომომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს.
იმ შემთხვევაში, თუკი გუნდში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ცვლილებების გატანა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ინიციატივის პირველი მოსმენით მიღებას ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდა.
მმართველი გუნდის წევრებს შორის საკითხზე მოხდება თუ არა შეთანხმება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა ცვლილებებით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. კერძოდ, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, მთავრობის განმარტებით, საქართველოში, დასაქმებული ადამიანისთვის დაგროვებით პენსიაში ჩართვა 40 წლამდე სავალდებულო იქნება, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის და 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობით. მთვრობას აღნიშნული კანონპროექტში 2017 წლის დეკემბერში უნდა წარედგინა, თუმცა პროექტის ინიცირება არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, აქტიური პოლიტიკური თვალსაზრისითაც იყო. 2017 წლის თებერვალში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიში მოისმინა, დეკემბერში კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობას განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.