პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალება
პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალება

საქართველოს პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო ხასიათის აქცია ჩაატარეს და კაფე-ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის თქმით, პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა ყველა დახურულ სივრცეში აიკრძალება და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დაწესებულებაში შევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმირებული უნდა იყოს.

„თუკი სამასპინძლო ბიზნესი ყველა ზომას გამოიყენებს და მომხმარებელი მაინც არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, ამ შემთხვევაში, ის ვალდებულია გამოიძახოს პატრული და მოახდინოს რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია მათზე გავრცელდება. კანონით, ძირითადი აღმასრულებელი და პასუხისმგებელი ორგანოა დაწესებულება და დაწესებულების ადმინისტრაცია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ამ შემთხვევაში, ხულიგნობის კუთხით მოხდება გასამართლება, ან 100 ლარიანი საჯარიმო სანქცია დაწესდება, ან ორკვირიანი გამოსასწორებელი შრომა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

სამასპინძლო რესტორნების ინფორმირებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ, რომელიც აცხადებს, რომ სამი თვის შემდეგ აღნიშნული წესების დაცვა სოციალურ ნორმად იქცევა.

„ეს არის საშუალება იმისა, რომ მწეველთათვის ძალიან მცირე დისკომფორტის სანაცვლოდ, ანუ ის, რომ გამოვიდეს გარეთ და სუფთა ჰაერზე მოწიოს, ამის ფასად გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. კონკრეტულად, ჩვენი 2100 მოქალაქის სიცოცხლე, რომლებიც 10 წლით ადრე იღუპებიან პასიური მოწევის გამო. ბიზნესის როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოქალაქეებს ხელი შეუწყოს ამ კანონის აღსრულებაში და დაიცვას ისინი. ამ პრინციპის კანონი მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში და არც ერთ მათგანში, პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, არანაირი უხერხულობა და დაძაბულობა არ შექმნილა,-” განაცხადა აკაკი ზოიძემ.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის. აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოების და სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა. მოწევა ასევე არ იკრძალება პენიტენციარულ სისტემაში, სადაც ხელმძღვანელობას ინდივიდუალურად შეუძლია დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის მოხმარება დაუშვას ან აკრძალოს.

სამასპინძლო ბიზნეს ობიექტი, რომელიც კანონს არ აღასრულებს პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო დაუმორჩილებელი მოქალაქე 100 ლარის ოდენობით.