მდინარე ტიგროსში უძველესი, იდუმალი იმპერიის სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს
მდინარე ტიგროსში უძველესი, იდუმალი იმპერიის სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს

მდინარე ტიგროსის ნაპირებთან არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანის სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღმოჩენა სენსაციურია და შეიძლება, სრულიად ახალი დეტალები გაგვაცნოს იდუმალებით მოცული მითანის იმპერიის შესახებ.

ძვ. წ. 1500-1300 წლებში მითანი ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და სირიაზე ბატონობდა, მაგრამ ამ ხალხის შესახებ არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით. არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილმა უძველესმა სასახლემ შეიძლება, ისტორიის ამ პერიოდში არსებული ზოგიერთი ნაპრალი ამოავსოს.

ძეგლს კემუნეს უწოდებენ და მდებარეობს ერაყის ქურთისტანში, მოსულის კაშხალში. არქეოლოგები თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ქურთ და გერმანელ მკვლევართა ჯგუფმა სასახლე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კაშხალში წყლის დონე შემცირდა.

ერაყის ქურთისტანის დუჰოკის უნივერსიტეტის არქეოლოგ ჰასან აჰმედ კასიმის განცხადებით, ეს გახლავთ ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ამ რეგიონში.

მკვლევრებმა უკვე აღმოაჩინეს 2 მეტრი სისქის შიდა კედლები, თაბაშირის სტრუქტურები და კაშკაშა, კარგად შემონახული კედლის მხატვრობა და აღწერილობის შემცველი თიხის ფირფიტები. იატაკის ფილებად გამოყენებულია გამომწვარი აგური.

არქეოლოგთა განცხადებით, შეიმჩნევა კვალი, რომ სასახლეს ორ სხვადასხვა პერიოდში იყენებდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს შთამბეჭდავი ნაგებობა მითანის იმპერიის საკვანძო სტრუქტურა იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თავდაპირველად, სასახლე შემაღლებულ, ტალახის აგურისგან ნაგებ ტერასაზე, ტიგროსის აღმოსავლეთ ნაპირიდან 20 მეტრში უნდა მდგარიყო, რომელიც მდინარე ტიგროსის ხეობას გადაჰყურებდა.

გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ივანა პულიცის განცხადებით, ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში კედლის მხატვრობა სასახლეების ტიპური მახასიათებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დრომდე უიშვიათესმა მათგანმა მოაღწია.

შესაბამისად, კემუნეს ძეგლზე კედლის მხატვრობის აღმოჩენა ნამდვილი არქეოლოგიური სენსაციაა.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სასახლეში აღმოჩენილი თიხის ფირფიტების წარწერების გასაშიფრად. როგორც თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებს, სასახლე უძველეს ქალაქ ჟახიკუს ეკუთვნოდა, რომელიც ძვ. წ. 1800 წელს დაარსდა და სულ მცირე 400 წლის განმავლობაში იარსება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ წარწერების გაშიფვრის შემდეგ გაცილებით მეტს შევიტყობთ მითანის იმპერიის პოლიტიკის, ეკონომიკის, აქტივობებისა და ისტორიის შესახებ. აღზევების პიკში მითანის იმპერია გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყამდე.

უძველეს ჩანაწერებზე დაყრდნობით, ისტორიკოსებმა უკვე იციან, რომ მითანის სამეფო კარი ეგვიპტის ფარაონებთან ისე ურთიერთობდა, როგორც თანასწორებთან. თუმცა, მითანის შესახებ მაინც გაცილებით ცოტა რამ ვიცით, ვიდრე მის მეზობლებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებისა და ცივილიზაციების წყაროებიდან გვაქვს.

უძველესი სასახლის აღმოჩენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც 2018 წლის გვალვებისას მოსულის კაშხალში წყლის დონემ შემცირება დაიწყო და ნანგრევებიც გამოჩნდა. ძეგლის შესახებ არქეოლოგებმა უკვე წლებია იცოდნენ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, მისი ხილვისა და კვლევის საშუალებაც მიეცათ.

არქეოლოგ ივანა პულიცის განცხადებით, მითანის იმპერია ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი უძველესი ახლო აღმოსავლეთის იმპერიებს შორის.

მომზადებულია uni-tuebingen.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.