საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ვიცე-პრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, კონტრაქტორთან შეთანხმებით, სამუშაო არ გაჩერებულა და სწორედ ამიტომ, ხიდის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე, ზაფხულში დასრულდება.
„გარდა ამისა, ჩვენთვის ასეთი ტიპის და ყველა სხვა პროექტი მნიშვნელოვანია მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც სამუშაო პროცესი, აუცილებელი გამონაკლისების გარდა, არ გაჩერებულა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. პროექტის შესაბამისად, შენდება ახალი რკინა-ბეტონის ექვს მალიანი ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრია. ამჟამად რკინა-ბეტონის ფილის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის ცალმხრივ, უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა ქვეყანაში გაზრდილ სამშენებლო აქტივობაზეც ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც სამშენებლო აქტივობა შესაძლებელი გახდა ყველა კომპანიისთვის, ჩვენი პრაქტიკულად ყველა პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 800-ზე მეტი პროექტია ამ ეტაპზე რეგიონებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ისეთ დინამიკას, როგორიც გვქონდა ეპიდემიამდე და სწრაფად დავამთავროთ პროექტები, რომლებიც მოუტანს ადამიანებს შემოსავალს და კეთილდღეობას“, – განაცხადა მინისტრმა.