ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მცხეთის შესასვლელში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მისი თანმხლები პირები დააკავეს.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ექსპერტ კრიმინალისტები.
პირველ არხს ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთმა თანაშრომელმა განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ რამდენიმე პირი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის სამართალდამცველები ბენზინგასამართი სადგურის შენობაში დოკუმენტაციის შევსების მიზნით რჩებიან. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სამართალდამცველები შენობაში მყოფ რამდენიმე პირს კითხავენ, რომლებიც სავარაუდოდ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები არიან.
პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება და ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.